"თიბისი ბანკს" სამი ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს

გიორგი თხელიძემ, ნიკოლოზ ქურდიანმა და დავით წიკლაურმა "თიბისი ბანკში" სხვადასხვა მიმართულება ჩაიბარეს.

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი თხელიძე რისკების მართვას უხელმძღვანელებს, ნიკოლოზ ქურდიანი - მიკროფინანსებს, დავით წიკლაური კი კორპორატიულ საბანკო მიმართულებას.

გიორგი თხელიძე "თიბისი ბანკს" მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, Barclays საინვესტიციო ბანკიდან შეუერთდა, სადაც 2011 წლიდან ფინანსური ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებას კურირებდა.

"თიბისი ბანკის" გუნდში შემოერთებამდე ნიკოლოზ ქურდიანს ყაზახეთის ერთ-ერთი ლიდერი ბანკის, Kaspi Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ეკავა, დავით წიკლაური კი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკის, Deutsche Bank-ის კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური ოპერაციების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ახალ ვიცე-პრეზიდენტებს ბანკში არავინ ჩაუნაცვლებია. მისივე თქმით, არსებულ წარმატებულ გუნდს მაღალი კლასის პროფესიონალები შეემატნენ.

"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ბანკი კვლავ გააგრძელებს უცხოეთში იმ ადამიანების მოძიებას, რომელთაც დამოუკიდებლად მიაღწიეს წარმატებას უცხოეთში, მიიღეს კარგი განათლება.