როგორ დავიცვათ პლასტიკური ბარათები ჰაკერული შეტევებისგან

"ზედიზედ 6 sms მომივიდა. მატყობინებდნენ, რომ 500 დოლარამდე თანხა ჩამომეჭრა"

ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა ბანკების წარმომადგენლები საკუთარ მომხმარებლებს ურეკავენ და ურჩევენ, გარკვეულ ფასად პლასტიკური ბარათები დააზღვიონ. როგორც ბანკებში განმარტავენ, ამის მიზეზი ბარათებზე გახშირებული ჰაკერული შეტევებია. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი შემთხვევები თითქმის ყველა ბანკის მომხმარებელს ჰქონია, განურჩევლად მისი მასშტაბურობისა და დანერგილი სტანდარტებისა...

ამ საკითხთან დაკავშირებით bpn.ge-ის სხვადასხვა ბანკის მომხმარებლები დაუკავშირდნენ..

ზურა ჩხაიძე: ”დილის 8 საათზე, ინტერნეტბანკიდან, რამდენიმე წუთიანი ინტერვალით, ზედიზედ 6 sms მომივიდა. მატყობინებდნენ, რომ 500 დოლარამდე თანხა ჩამომეჭრა. მაშინვე წავედი ბანკში, სადაც დამაწერინეს განცხადება, ჩემი ბარათის არასანქცირებული გამოყენების თაობაზე. ბარათი დავბლოკე, მაგრამ ანგარიშზე მხოლოდ 34 დოლარი დამრჩა... როდესაც დავინტერესდი ამინაზღაურებდნენ თუ არა თანხას, პირველ რიგში მკითხეს, ბარათი დაზღვეული მქონდა თუ არა. ავუხსენი, რომ დაზღვევით არ ვსარგებლობდი, რადგან ინტერნეტრანზაქციებს თითქმის არასდროს ვიყენებ, თანაც მიმაჩნდა, რომ ბანკის უსაფრთხოების ტექნოლოგიები საიმედო იყო.”

დათო ფიფია: ”ჩემს პარტნიორს ბარათიდან ჰაკერულად ჩამოაჭრეს საკმაოდ დიდი თანხა. ცხადია, ბანკში დაზღვევაზე ჩამოუგდეს ლაპარაკი. ამის შემდეგ მეც დავაზღვიე ბარათი, რადგან დაზღვევის საფასური - 5 და 10 ლარი, არც ისე დიდი თანხაა. თუმცა, ბანკი, რომელსაც აქვს ამბიცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყოს წარმოდგენილი, ან საერთაშორისო ჯგუფის წევრია, რატომ ვერ ახერხებს იმას, რომ მისი კლიენტის ანგარიშები დაცული იყოს?!”

ლენა კარგარეთელი: ”30 წუთის განმავლობაში 3 მესიჯი მომივიდა, რომ ჩემი ბარათიდან 700 ლარი ჩამოიჭრა. საღამოს 6 საათამდე სამსახურიდან ვერ გავდივარ, ამიტომ შევეცადე ტელეფონით გამერკვია, რა ხდებოდა ჩემს თავს. ბარათი დავაბლოკინე, მაგრამ ზედ მხოლოდ 17 ლარი დამრჩა... ბანკი, რომელიც ყველაფერზე საკომისიოს მაჭრის, რატომღაც ბარათის უსაფრთხოებას ვერ ახერხებს”..

რა შემთხვევაში ანაზღაურებს ბანკი დაკარგულ თანხას და რატომ ვერ ხერხდება უსაფრთხოების გაძლიერება, რათა მსგავსი პრობლემები აღმოიფხრვას? ამის გასარკვევად რამდენიმე წამყვან ბანკს მივმართეთ.

შოთა მაჭავარიანი, ”ბანკი რესპუბლიკას” პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი: ”ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების 3D პლატფორმა, ანუ უსაფრთხოების კოდი, როდესაც თაღლითი ჯდება კომპიუტერთან და განიზრახავს, სხვისი ბარათით შენაძენი გააკეთოს, ვერ შეძლებს, რადგან ავტომატურად გენერირდება სმს კოდი, რომელიც ბარათის რეალურ მფლობელს მიუვა. შესაბამისად, თაღლითი ოპერაციას ვერ დაასრულებს, რადგან მისი სრული მონაცემები სჭირდება, ტელეფონისა და მობილური ტელეფონის ნომერიც კი. ამ ყველაფრის მოპარვის შემთხვევაშიც კი, რისი ალბათობაც მინიმალურია, 3D პლაფორტმის სერვისი გულისხმობს იმას, რომ თაღლითური ოპერაცია წარმატებითაც რომ დასრულდეს, აუცილებლად ექვემდებარება ანაზღაურებას. თუ რა თქმა უნდა, მოკვლევის შედეგად დამტკიცდება, რომ კონკრეტული ტრანზაქცია თაღლითურია და ბარათის რეალურ მფლობელს მასთან კავშირი არ ჰქონია. 3D სერვისის შემთხვევაში ტრანზაქცია ანაზღაურებას ექვემდებარება 100 %-ით...რაც შეეხება, უსაფრთხოებას, ყველა ბანკს აქვს დაცვის სისტემები, ალგორითმები და ტექნიკური საშუალებები, რითაც მსგავსი ქმედების აღკვეთა ხდება, მაგრამ როგორც ბანკების ტექნიკური უზრუნველყოფა ვითარდება, ისე ვითარდება ”ფროდების”, ანუ თაღლითების ბიზნესიც”.

ხათუნა კაკაბაძე, ”საქართველოს ბანკის” მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი: ”ჩვენი ბანკი ყოველთვის აძლევს მომხმარებელს რეკომენდაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინოს იმისათვის, რომ უსაფრთხოდ მოიხმაროს კუთვნილი პლასტიკური ბარათი. პირველ რიგში, მოვუწოდებთ მომხმარებელს, არავითარ შემთხვევაში არ გადასცეს საკუთარი ბარათის კოდი (ე.წ. პინკოდი) სხვას. ასევე, არასდროს შეინახოს ბარათის კოდი და პლასტიკური ბარათი ერთად. არ უნდა მოხდეს ბარათების საეჭვო ობიექტებში და გადაუმოწმებელ ვებ გვერდებზე გამოყენება. გარდა რეკომენდაციებისა, "საქართველოს ბანკი" მეტი დაცულობისთვის, მომხმარებელს სთავაზობს პლასტიკური ბარათის არაავტორიზებული გამოყენებისგან დაცვას – მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ამ მომსახურებით და დაიცვას საკუთარი ბარათი მესამე პირის მიერ არალეგალური გამოყენებისაგან (ბანკომატის, პოსტერმინალისა და ინტერნეტის მეშვეობით) როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს 3 სხვადასხვა პაკეტიდან ერთ-ერთი, იმის მიხედვით, რა ინტენსიურობითა და მოცულობით იყენებს პლასტიკურ ბარათს. სერვისის ღირებულებაა სულ 4, 10 და 50 ლარი წელიწადში, პაკეტის შესაბამისად. როგორც მოგახსენეთ, ბარათის არაავტორიზებული მოხმარებისგან დაცვა ითვალისწინებს როგორც ბანკომატის, ისე პოსტერმინალისა და ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებულ არაავტორიზებულ მოხმარებას”.

ლალი პაპასკირი