კარტოფილი წელსაც 2 ლარამდე გაძვირდება

ადგილობრივი მოსავლის მხოლოდ 2-3 თვის მარაგი შემორჩა

როგორც გაზეთი ”რეზონნსი” წერს, შეიძლება ითქვას, რომ კარტოფილის ფასი ზამთარში 2 ლარამდე მოიმატებს. ფერმერებს თუ დავუჯერებთ, ესეც საუკეთესო შემთხვევაში, რადგან საქართველოში მისი მარაგი მცირეა. ფასს მეტ-ნაკლებად იმპორტი დააბალანსებს. ამ ეტაპზე სამომხმარებლო ბაზრის დიდი წილი ქართულ კარტოფილს უჭირავს. ფერმერთა ინფორმაციით, ზამთრის მარაგის 50% უკვე გაყიდულია, ხოლო დარჩენილი პროდუქტი 2-3 თვის სამყოფია და მალე მას ბაზარში იმპორტულით ჩაანაცვლებენ. ამდენად, იმპორტი ერთადერთი საშუალებაა, რის გამოც შეიძლება კარტოფილი მკვეთრ გაძვირებას გადაურჩეს.

წინა წლებში ასე არ მოხდა. შარშან ამ დროს 1 კგ კარტოფილი 60-70 თეთრი ღირდა, წელს კი უკვე 1-1,20 ლარს აღწევს. დიდი ალბათობით, ტენდენცია გაგრძელდება და ზამთარში კარტოფილი 2 ლარამდე გაძვირდება. შარშანდელთან შედარებით, მოსავალი წელს 15-20%-ით მცირეა. მოსავლიანობის შემცირებას, ძირითადად უამინდობას უკავშირებენ. ხშირი გვალვების გამო სამცხე-ჯავახეთში კარტოფილის მოსავალი დაბალი, ხოლო ხარისხი ცუდი იყო.

ახალქალაქელი ფერმერი მკრტიჩ მოვსესიანი ფიქრობს, რომ კარტოფილი არსებულ ფასს იმპორტის ხარჯზე შეინარჩუნებს. მისი თქმით, შარშან პროდუქტის გაძვირება ერთბაშად გაზრდილ ექსპორტს უკავშირდება. წელს კარტოფილი მხოლოდ რუსეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე გავიდა, ისიც მცირე რაოდენობით და უფრო მეტად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა.

”სამცხე-ჯავახეთში 2014 წელს კარტოფილის ნაკლები მოსავალი მივიღეთ. შარშანდელთან შედარებით, ის 20%-მდეა შემცირებული. ბაზრის ფასი ყოველთვის ჩვენი რეგიონის მოსავალზეა დამოკიდებული. ზაფხულში ეს პროდუქტი იაფი ღირდა, მაგრამ აგვისტოს გვალვის გამო ბაზარში დეფიციტი შეიქმნა და კარტოფილი ერთბაშად გაძვირდა. ჩემი ვარაუდით, ეს პროცესი არ გაგრძელდება და ფასი 2 ლარს არ გადააჭარბებს. ბაზარი მხოლოდ ადგილობრივი კარტოფილის იმედად რომ იყოს, განსხვავებული აზრი მექნებოდა, მაგრამ ასე არ არის. იმპორტი თურქეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, სომხეთიდან და ჰოლანდიიდან ხორციელდება. რაც შეეხება ექსპორტს, ივლისში რუსეთსა და აზერბაიჯანში გავიდა, ახლა კი პროცესი შეჩერებულია - ქართული კარტოფილი არ გააქვთ, ძვირია და არ უღირთ. გატანას ვინ ჩივის, აქეთ გვჭირდება დახმარება, რომ დეფიციტი არ შეიქმნას. ზამთარში დიდად ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებული. რაც მარაგი გვაქვს, 2-3 თვის სამყოფია. სამწუხაროდ, სეზონმა არ გაამართლა”, - აცხადებს ”რეზონანსთან” საუბრისას მკრტიჩ მოვსესიანი.

იმპორტის მკვეთრი მატება შეინიშნებოდა 2014 წლის იანვარ-აპრილში, ამ პერიოდში საქართველოში 4 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კარტოფილი შემოვიდა. ფერმერების განცხადებით, ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან გაზაფხულზე საქართველოში დეფიციტია. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს, ნალექიანი ამინდების გამო, მარნეულსა და ბოლნისში კარტოფილის მოსავალი შემცირდა. რაც მოვიდა, იმის დიდი ნაწილი ტრადიციულმა კლიენტებმა ექსპორტზე გაიტანეს. შესაბამისად, 2014 წელს კარტოფილის ექსპორტმა 357 ათასი დოლარი შეადგინა, ანუ გაუტოლდა 2012 და 2011 წლების ჯამურ მაჩვენებელს.

თიანეთში მცხოვრებმა ლიანა ქართველიშვილმა წელს თითო კილო კარტოფილი 1,50 ლარად გაყიდა. ეს ოჯახის ძირითადი შემოსავალია. თიანეთელი დიასახლისის თქმით, მოსავლის გაყიდვაში შვილი ინტერნეტით დაეხმარა და 2 ტონამდე მოსავლის გაყიდვა 1 კვირაში შეძლო.

”ჩვენ ოჯახს თიანეთში მოჰყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, არც ერთი გრამი ქიმიური დანამატი არ გამოგვიყენებია. სწორედ ეს მივუთითეთ სოციალურ ქსელში და მომხმარებელი მოვიზიდეთ. ბიოპროდუქტის მისაღებად იმდენად მძიმე შრომა და ხარჯი გავწიეთ, რომ 1,50 ლარი ძალიან დაბალი ფასია. ვიღაცას შეიძლება ძვირად მოეჩვენოს, მაგრამ ხარისხიდან გამომდინარე, უიაფესია. პროდუქტი საბურთალოს აგრარულ ბაზარში გავყიდე, მყიდველი უმეტესწილად ინტერნეტის საშუალებით მოვიდა. ამაში ჩემი შვილი დამეხმარა. კარტოფილი ყოველწლიურად მოგვყავს, მაგრამ ბიოწარმოების მეთოდი პირველად გამოვიყენე. მიზნად მაქვს, წარმოება გავაფართოვო. ზაფხულიდან მოყოლებული, ყურადღებით ვაკვირდები საბაზრო ტენდენციებს.

სამწუხაროდ, ჩვენს პოტენციალს ვერ ვიყენებთ, თორემ როგორ შეიძლება, აგრარული ტრადიციის მქონე ქვეყანაში კარტოფილი დეფიციტი იყოს და ზამთარში იმპორტის იმედად ვიყოთ? ჩვენთან ძალიან კარგი მიწაა, მაგრამ თიანეთში ხალხს გასაყიდი კი არა, ოჯახისთვის სამყოფი კარტოფილიც ვერ მოჰყავს. ყოველთვის პრობლემა გვექნება, სანამ ხალხი შრომას არ მიეჩვევა”, - ამბობს ლიანა ქართველიშვილი.

წარმოების პოტენციალზე სპეციალისტებიც საუბრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოსტნეულის, მათ შორის, კარტოფილის წარმოებისთვის ქვეყანას კარგი მდებარეობა და კლიმატი აქვს. ამ რესურსის სათანადო გამოყენების შემთხვევაში, ქვეყანას შეუძლია, სრულად აითვისოს შიდა ბაზარი და ექსპორტზეც განიმტკიცოს პოზიცია.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”