ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქეებმა სპარტაკ ჯინორიძემ და თამაზ გუგეშაშვილმა, ერთ-ერთ მოქალაქეზე გაასაღეს 2 ცალი 100 დოლარიანი ყალბი კუპიურა, სანაცვლოდ კი ითხოვდნენ 45%-ს - 90 აშშ დოლარს.

"დაკავებულის, სპარტაკ ჯინორიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული 18 300 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 10 წლამდე", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.