ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი მცირდება

ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი მცირდება.

სემეკის ინფორმაციით, დღევანდელ საჯარო სხდომაზე სემეკმა ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფის შემცირებაზე იმსჯელა. 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირებული ტარიფი მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან შევა ძალაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტარიფი გავრცელდება გაზიფიცირებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში, განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში. მოქალაქეს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

პირველი ნოემბრიდან გაზგამანაწილებელ კომპანიებს ახალი რეგულაციები დაუწესდებათ. კერძოდ, თუ კომპანია არ უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის 30 დღიან ვადაში მიერთებას, ასეთ შემთხვევაში მიერთების საფასური 400 ლარიდან 200 ლარამდე შემცირდება.

სემეკის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში" შესატანი ცვლილებათა პაკეტი ბუნებრივი გაზის სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის უფლებების განუხრელ დაცვას ისახავს მიზნად. ცვლილებების მიხედვით, გაუმჯობესდება გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური სამუშაოების ხარისხი და მის მოვლა-პატრონობაზე სრული პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება.