სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში ცვლილებები შევიდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში ცვლილებები შევიდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტში ცვლილება მსხვილი ბიზნეს ჯგუფების დაინტერესებისა და მიზიდვის მიზნით განხორციელდა. მათივე ცნობით, გაუქმდა ერთ მიზნობრივ რაიონში განსახილველი პროექტების ჯამური მოცულობის ზედა ზღვარი - 1 000 000 აშშ დოლარი, საიდანაც სააგენტოს მიერ გასაცემი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 400 000 აშშ დოლარს შეადგენდა. განხორციელებული ცვლილებების შედაგად ერთ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების მოცულობა 1 000 000 ლარამდე გაიზარდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ცვლილებით შენარჩუნებულია თანაბარი გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპი. იმ შემთხვევაში, თუ განსახილველი პროექტებით გათვალისწინებული სააგენტოს თანმხვედრი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა ერთ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში აღემატება 1 000 000 ლარს, ზედა ზღვარის გაზრდის შესახებ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს. ამასთან, გაუქმდა განსახილველი პროექტების ჯამური მოცულობის ზედა ზღვარი - 1 000 000 აშშ დოლარი. განიხილება ყველა ის პროექტი რომელთა ჯამური ღირებულება 200 000 აშშ დოლარს აღემატება.

ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვა იხსნება პროექტის მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ 40 რაიონში განხორციელებაზე. პროექტის განხორციელება შესაძლებელი ხდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი. ამავდროულად რჩება დარგობრივი შეზღუდვა შემდეგი პროფილის გადამამუშავებელ საწარმოებზე - მეღვინეობაზე (ღვინის წარმოება), სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებაზე და ხორბლის ფქვილის წარმოებაზე.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული შეზღუდვა დარგობრივად დივერსიფიცირებული საწარმოების გახსნას უწყობს ხელს.