საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე აღინიშნება

საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე წელს უკვე მესამედ აღინიშნება.

როგორც ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წლევანდელი მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში, წინა წლებთან შედარებით, უკვე მასშტაბური იქნება. მთავარი ღონისძიებები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. კერძოდ, ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ღონისძიება რიყის პარკში, ხოლო ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ მდებარე ცენტრალურ მოედანზე 2 ნოემბერს შედგება. ბავშვებს ორივე ქალაქში 14:00 საათიდან უმასპინძლებს კომპანია მულტი-პულტის სამყარო სპეციალური გასართობი პროგრამით, რომელიც მოიცავს სპექტაკლებს ზღაპრების გმირების მონაწილეობით, სხვადასხვა სახის თამაშობებს, შეჯიბრებებს, იუმორისტულ და შემეცნებით ნაწილს. ასევე წარმოდგენილი იქნებიან კომერციული ბანკები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის მედიამხარდაჭერას, ავრცელებენ ბროშურებს, ასევე ბანკის ფილიალებში, ბანკომატებზე, ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელებში განათავსებენ მსოფლიო ბაღების დღის ქართულ სიმბოლოს "გროვიას" მონაწილეობით.

"ეროვნული ბანკი ყოველთვის გამოდის ისეთი ინიციატივების მხარდასაჭერად, რომელიც ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება. დაზოგვის დღეს სწორედ იმის შეხსენებაა, რომ ყველა ჩვენგანმა კარგად უნდა ვისწავლოთ, საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების სწორად განაწილება", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

ამ დღესთან დაკავშირებით მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი www.grovia.com.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია, როგორც დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, ასევე საბანკო პროდუქტებზე მომსახურებებსა და ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.

დაზოგვის დღე, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 1925 წლიდან აღინიშნება. დაზოგვის დღის ფარგლებში დაგეგმილი კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ფინანსური ინფორმირებულობის დონის გაზრდას. აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის, ეროვნული ბანკის, აკადემიებისა და ასოციაციების მონაწილეობით ფინანსური სექტორისადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლებას. მსოფლიო დაზოგვის დღე მოსახლეობასა და კომერციულ ბანკებს შორის არსებული ბარიერის გადალახვის კარგი საშუალებაცაა.