ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვენჩაი იანგს შეხვდა.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა თბილისში აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით გამართული საინვესტიციო (ბიზნეს) ფორუმის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი იყოს პლატფორმა ბიზნესის წარმოებისათვის მთელს რეგიონში. მან იმედი გამოთქვა, რომ ADB ხელს შეუწყობს საქართველოს ამ როლის წარმოჩენას მის წევრ ქვეყნებში და გახდება ხიდი საქართველოსა და აზიის ქვეყნებს შორის.

ფინანსთა მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ასევე მადლობა გადაუხადა წელს, აპრილში ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონალური ფორუმის ორგანიზებისათვის. როგორც აღინიშნა, ასეთი ტიპის ფორუმების ჩატარება მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, რომ ისინი ხელს უწყობენ რეგიონში სახელმწიფო ვალის მართვის მენეჯერების დაკავშირებას, გამოცდილების გაზიარებას და წევრი ქვეყნების მიერ სახელმწიფო ვალის და რისკების მართვის გაძლიერებას.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ქვეყნის განვითარებისათვის ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა: გზები, წყალი და კანალიზაცია, ენერგეტიკა.