აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია საბაჟოზე განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა

აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია საბაჟოზე განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონას "თბილისი" ეწვია საქართველოში ვიზიტად მყოფი აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვენაჩაი იანგის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ, ასევე, ვიცე-პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ჰუიპინგ ჰუანგი, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქეით ჯულიენი და ბანკის სხვა წარმომადგენლები.

საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს წარმოუდგინეს პრეზენტაცია საბაჟო სისტემასა და საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებული რეფორმების შესახებ. დელეგაციას საგადასახადო სისტემაში მიმდინარე პროცესების თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ.

აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს გეზის მომსახურების დარბაზი და ადგილზე გაეცნენ გაფორმების პროცედურებს.