პედაგოგთა პროფკავშირი პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით შრომის ანაზღაურების მომატების წინააღმდეგია

პედაგოგთა პროფკავშირი პედაგოგის საბაზო ხელფასის 2015 წლის 1-ელი იანვრიდან გაზრდას ითხოვს.

პედაგოგთა პროფკავშირი საბაზო ხელფასის ნაწილობრივი გაზრდისა და პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით შრომის ანაზღაურების მომატების წინააღმდეგია. ამასთან დაკავშირებით დღეს პედაგოგთა პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი" (სპმთპ) პედაგოგის შრომის ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება. განცხადების თანახმად, პროფკავშირი პედაგოგის საბაზო ხელფასის ეტაპობრივად გაიზარდას ითხოვს. კერძოდ, უახლესი 3 წლის განმავლობაში იგი გაუთანაბრდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. კატეგორიებს შორის განსხვავება კი გაზრდილი საბაზო ხელფასის შესაბამისად განისაზღვროს.

"საქართველის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" (სპმთპ) განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, პედაგოგის შრომის ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება და თვისობრივად განსხვავდება იმ დაპირებებისაგან, რაც საზოგადოებას აცნობა პრემიერ-მინისტრმა: ,, ხელისუფლებამ განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა, რომელმაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულ ინტეგრაციას ხელი უნდა შეუწყოს. მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015-16-17 წლებში, პედაგოგთა ხელფასი 2015 წლიდან ეტაპობრივად გაიზრდება".

3 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით შემოთავაზებულია შერეული მოდელი - საბაზო ხელფასის ნაწილობრივი გაზრდისა და პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით შრომის ანაზღაურების მომატების შესახებ. წარმოდგენილი მოდელის პრინციპულად წინააღმდეგია პედაგოგთა საზოგადოება და სპმთპ. ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ, პედაგოგის საბაზო ხელფასი გაიზარდოს ეტაპობრივად და უახლესი 3 წლის განმავლობაში გაუთანაბრდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. გაზრდილი საბაზო ხელფასის შესაბამისად განისაზღვროს კატეგორიებს შორის განსხვავება. ვფიქრობთ, ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია. განვლილი წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სასერტიფიკაციო დანამატების და კატეგორიებს შორის სახელფასო განსხვავებების მეშვეობით პედაგოგთა ხელფასის ზრდა წარმოადგენდა ფარსს. იქმნებოდა ილუზია იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავდა პედაგოგთა სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის, მათი მოტივაციისა და განათლების ხარისხის ამაღლებისათვის. მაგალითად, უამრავი ხელოვნური პრობლემა იყო შექმნილი 1000 ლარიანი ხელფასის დამადასტურებელი სერტიფიკატის და 75-ლარიანი სასერტიფიკაციო დანამატის გაცემის პროცესში. ამის არაერთი ფაქტი გაგვაჩნია. გამომდინარე იქედან, რომ პედაგოგთა 1%-მაც კი ვერ მიიღო 1000 ლარიანი შრომის ანაზღაურება, აღნიშნულმა ცვლილებებმა ვერ გადაჭრა მასწავლებლის პრობლემა.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებაც, ჩვენი აზრით, იგივე ტენდენციის გაგრძელებაა. ფაქტიურად, საბაზო ხელფასი იზრდება მხოლოდ 50 ლარით, დანარჩენი ხელფასების მატება დაკავშირებულია ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის პროექტის" მოთხოვნებთან, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა. გაუგებარია ის გადაწყვეტილებაც, რომ პედაგოგის საბაზო ხელფასი, სიმბოლურად 50 ლარით უნდა გაიზარდოს 2015 წლის სექტემბრიდან, მაშინ როდესაც საბიუჯეტო წელი იწყება 1 იანვრიდან. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას: პედაგოგის საბაზო ხელფასი გაიზარდოს 2015 წლის 1 იანვრიდან და საბაზო ხელფასის ზრდა გაიმიჯნოს პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით სახელფასო განსხვავებისაგან,”-ნათქვამია განცხადებაში.