ნოდარ ხადური ფინეთისა და ნიდერლანდების საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ფინეთისა და ნიდერლანდების საგამოძიებო სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინეთისა და ნიდერლანდების საგამოძიებო სტრუქტურების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებთან - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაძმობილების ე.წ. twinning-ის ფარგლებში იწყებენ პროექტის - "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების განვითარება" განხორციელებას.

ქართული მხარის პარტნიორი ორგანიზაციები იქნებიან: ფინეთის მხრიდან - HAUS Finish Institute of Public Management, ხოლო ნიდერლანდების მხრიდან - FIOD Criminal Investigation Service of the MOF.

შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელებმა და უცხოელმა მრჩევლებმა ისაუბრეს ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. როგორც აღინიშნა, დაძმობილების პროექტი ხელს შეუწყობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სრულყოფას.