ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ტიერო დე ლონგემარს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების შესახებ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი გააგრძელებს ქვეყნის დახმარებას ისეთი მნიშნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, გზები, ტრანსპორტი, ურბანული განვითარება და სხვა. ADB ასევე დაინტერესებულია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებით. ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინანსთა სამინისტროს აკადემიის განვითარებისა და სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში აზიის განვითარების ბანკის ექსპერტების მონაწილეობას.

ADB-ს ვიცე-პრეზიდენტი მონაწილეობს სავალუტო რეზერვების მართვის მეოთხე რეგიონულ ფორუმში, რომელიც დღეს თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიხსნა. აღნიშნული ღონისძიება კავკასიის რეგიონში პირველად ტარდება.