აზერბაიჯანი სომხეთის გამო თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს მილიარდი დოლარით ზრდის

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2015 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის მილიარდი დოლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

მომავალ წელს უწყების ბიუჯეტი 4,8 მილიარდს მიაღწევს. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა სამირ სარიფოვმა განაცხადა. მისი განმარტებით, ბიუჯეტის ზრდა მთიან ყარაბაღში სომხეთის ქმედებებმა განაპირობა, რომელიც, მისი თქმით, კონფლიქტის ზონაში საოკუპაციო პოლიტიკის განხორციელებას განაგრძობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა 12 ნოემბრის შემდეგ გაუარესდა, როდესაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით, ვერტმფრენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.