ჯაბა სამუშია: იანვარში, თებერვალში და მარტში მოსახლეობა 20 ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს

მომავალი წლის პირველ სამ თვეში კომუნალური ვაუჩერის ოდენობა ოჯახზე თვეში 20 ლარი იქნება, ხოლო სოციალურად დაუცველები თვეში 500 ლარს მიიღებენ.

ამის შესხებ დღეს თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში მოსახლეობა ასევე 20-20 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.

ჯაბა სამუშიამ კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოში თბილისის მერის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით იმართება.

ჯაბა სამუშიამ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ რასაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კომუნალურ ვაუჩერთან დაკავშირებით ისმენენ, თითქოს პრობლემაა, სიმართლეს არ შეესაბამება და აბსოლუტური ტყუილია. "ეს იყო სამუშაო პროცესი. უმრავლესობა მერიასთან ერთად მუშაობდა ახალ მოდელზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ვაუჩერის გაცემა. დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ვაუჩერი გაორმაგებული ოდენობით გაეცემა მომავალ წელს, კერძოდ, 500 ლარის ოდენობით. ხოლო დანარჩენ მოსახლეობაზე გაიცემა იმ წესით, რაც დღემდე არსებობს. ეს იქნება წლის დასაწყისამდე, სანამ სამუშაო ჯგუფი ახალ ფორმულას არ დადებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაუჩერის გაცემა. მომავალი წლის იანვარში, თებერვალში და მარტში მოსახლეობა იგივე წესით მიიღებს ვაუჩერს, რაც აქამდე იყო, კერძოდ, ოჯახზე თვეში 20 ლარი გაიცემა. ამჟამად ვმუშაობთ ახალ წესზე და შემდგომში ახალი წესით გაიცემა ვაუჩერი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სოციალური პროექტების მონაწილე უნდა იყოს ის ოჯახები, რომელთა შემოსავალიც არის დაბალი, ის ოჯახები, რომელთაც რეალურად სჭირდებათ ასეთი ვაუჩერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ ამ წესზე ვმუშაობთ. დღეს ფრაქციის სხდომაზე სწორედ ეს პოზიცია დაფიქსირდება და მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მოსახლეობას, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც ვაუჩერი სჭირდება, მიიღებს ამ ვაუჩერს", - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

მისივე თქმით, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი სოციალურად ორიენტირებულია. მისივე შეფასებით, ეს არის ბიუჯეტი, რომლის მნიშვნელოვანი მოცულობა 200 მილიონი ლარი გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიაში გაკეთდა განცხადება, რომ მომავალი წლიდან კომუნალური ვაუჩერების გაცემის წესი გადაიხედებოდა და ყველა ოჯახი ვაუჩერს ვეღარ მიიღებდა.