ნოდარ ხადური: ევროკავშირთან აღებული ვალდებულები აქციზის გადასახადის ევროპულთან დაახლოებას ითვალისწინებს

ფინანსთა სამინისტრო აქციზის ზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს საქართველოს პარლამენტს მომავალ კვირას წარუდგენს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. ხადურის თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს ბიზნესმენებთან და იგი დარწმუნებულია, რომ საკმაოდ საინტერესო მოდელზე მოხდება შეჯერება.

"ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესთან თანამშრომლობას. გუშინაც ჩემი მოადგილეები შეხვდნენ ბიზნესმენებს, მომავალ კვირაში მეც მექნება შეხვედრა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბიზნესთან და ჩვენი ამოცანა არის ერთი, რომ ბიზნესს ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა იმისთვის, რათა მათ დაასაქმონ ადამიანები და განახორციელეონ ინვესტიციები. მე ვფიქრობ, ჩვენ შევთანმხდებით საკმაოდ საინტერესო მოდელზე, მათ შორის აქციზის ზრდის. მათთან კონსულტაციებს ვმართავთ. არავინ არ აპროტესტებდა და უკვე მომავალ კვირაში, ჩვენ საბოლოო ვარიანტს წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ იზრდება აქციზის გადასახადი, ხადური აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე აქციზის საფასურის გაზრდა. "აქციზს აქვს ორი დანიშნულება, პირველი არის ფისკალური და მეორე - მარეგულირებელი. აქციზით საქართველოში იბეგრება მხოლოდ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქცია, ეს არის თამბაქო და ალკოჰოლი. შესაბამისად, აქციზს, ზოგადად, მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში, აქვს ამოცანა, შეზღუდოს მავნე ნივთიერებების მოხმარება. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მათ შორის არის ის, რომ ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება თამბაქოსთან დაკავშირებით და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადით თამბაქოს საკითხში. ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები, რომელიც სხვათა შორის, 10 წლის წინ არის აღებული და არა ერთი ან ორი წლის წინ, ითვალისწინებს, რომ საქართველოში აქციზი თანდათან უნდა დაუახლოვდეს ევროპულს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.