2040 წლისთვის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 177 დოლარი გახდება

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2025 წელს ერთი ბარელი ნავთობის ფასი - 124, ხოლო 2040 წლისთვის 177 დოლარი გახდება.

ოპეკის ექსპერტთა პროგნოზების მიხედვით, 2040 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნა, დღეში 21 მილიონი ბარელით გაიზრდება. შესაბამისად, ნავთობზე არსებული მოთხოვნა დღე-ღამის განმავლობაში 111 მილიონი ბარელის ნიშნულს გაუტოლდება. ე.წ. ”შავ ოქროზე” მოთხოვნა განსაკუთრებით ჩინეთსა და ინდოეთში გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ქვეყნების მიერ ნავთობზე არსებული მოთხოვნების 71% აზიის განვითარებად ქვეყნებზე მოდის. წინასწარი მონაცემების მიხედვით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონისთვის ნავთობის ძირითად მომწოდებლებლად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რუსეთი და კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნები მოიაზრება. გარდა ამისა, ოპეკის ექსპერტთა პროგნოზების მიხედვით, რუსეთისა და კასპიის ზღვის რეგიონის მიერ მოწოდებული ნედლი ნავთობის მოცულობა 2040 წლისთვის სამჯერ გაიზრდება.

აქედან გამომდინარე, მისი ოდენობა დღე-ღამის განმავლობაში ოთხ მილიონ ბარელს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ოპეკი გეგმავს გაზარდოს მაღალი ხარისხის ნავთობზე მოთხოვნა, რომელიც 2019 წლისთვის მილიონ ბარელს მიაღწევს.