საქართველოსთვის 50 მლნ დოლარამდე შეღავათიან ფინანსურ რესურსს გამოყოფენ

საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) მსოფლიო ბანკს შორის "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ (IDA) საქართველოსთვის დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარის (SDR 32,400,000 ) ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია, რომელიც შემდეგ საირიგაციო არხებს ჩაუტარდებათ: ქვემო სამგორის არხი (კახეთი); თბილისი კუმისის არხი (ქვემო ქართლი); ზედა რუს არხი (შიდა ქართლი). ამასთან, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე საპილოტე ადგილას (მათ შორის შუახევი, ვანი, მარტვილი, მესტია, დედოფლისწყარო, გურჯაანი, გორი, მცხეთა, თიანეთი, თეთრიწყარო) მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება.

პროექტის განხორციელების შედეგად, სარგებელს მიიღებს სოფლად მცხოვრები დაახლოებით 31,000 ოჯახი. გარდა ამისა, დაახლოებით 19,000 ოჯახი, რომელთაც მიწის რეგისტრაციისთვის შერჩეულ საპილოტე რაიონებში არარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გააჩნიათ, გაუმჯობესებული წესებით და პროცედურებით ისარგებლებენ - მათ საკუთარი ნაკვეთების დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ.

პროექტს განახორციელებენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს მეშვეობით, ასევე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (NAPR).