საგამოძიებო სამსახური მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოძიების შედეგად, გამოვლენილია მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა და გაშიფრულია ათეულობით იურიდული პირი, რომელთა უკანონო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. კერძოდ, გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დაფუძნდა არაერთი შპს, რომელთა სახელით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანილია 22 513 059 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქცია.

"ბრალდებულებმა განიზრახეს საბაჟო გადასახადისათვის დაწესებული 5 დღიანი საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენება, პროდუქციის განბაჟების შემდეგ თავი აარიდეს იმპორტის დროს გათვალისწინებულ გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 4 052 351 ლარის ზიანი. ამ ეტაპზე, აღნიშნული დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია ხუთი მოქალაქე. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა იდენტიფიცირების მიზნით. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით",-აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.