თაღლითური სქემა, რომელმაც სახელმწიფო 4 მილიონით აზარალა

ვის შემოჰქონდა საქართველოში ე.წ. შავი მარილი და ცემენტი?

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური ფინანსური აფერა გაშიფრა, რომლის შედეგად, როგორც საგამოძიებო ორგანოში განმარტავენ, სახელმწიფო ბიუჯეტს 4 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიადგა.

”კვირის პალიტრისთვის” ცნობილი გახდა ის ძირითადი კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელობა ამჟამად უკვე პასუხისგებაშია მიცემული, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ კომპანიების უკან კიდევ ათობით იურიდიული პირი დგას, რომელთა მიმართ გამოძიება ამჟამადაც გრძელდება.

ვის შემოჰქონდა საქართველოში ე.წ. შავი მარილი და ცემენტი? გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დაფუძნდა არაერთი შპს, რომელთა სახელით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანილია 22 513 059 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქცია. ”ბრალდებულებმა განიზრახეს საბაჟო გადასახადისათვის დაწესებული 5-დღიანი საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენება, პროდუქციის განბაჟების შემდეგ თავი აარიდეს იმპორტის დროს გათვალისწინებულ გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 5 052 351 ლარის ზარალი. ამ ეტაპზე, აღნიშნული დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია ხუთი მოქალაქე, რომლებსაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ”,- აცხადებენ სამართალდამცავები.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზემოხსენებულ კომპანიებს საქართველოში ძირითადად ე.წ. შავი მარილი (საკვებში გამოსაყენებელი ძვირფასი მარილი) და ცემენტი შემოჰქონდათ. საშეღავათო 5-დღიან პერიოდში მათ მიერვე დაფუძნებულ შპს-ებზე აფორმებდნენ, რითაც იმპორტის დროს გათვალისწინებული გადასახადების დამალვას ცდილობდნენ. დაკავებულები არიან: შპს ”პალასის”, შპს ”ქარ 555”-ის, ”ნიკე 2009”-ის, შპს ”ზოტ ცემენტის” და შპს ”დენტ ინშათის” ხელმძღვანელები.

”კვირის პალიტრას” საგამოძიებო სამსახურში აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს.

გიორგი გრძელიშვილი, საგამოძიებო სამსახურის პრესსპიკერი: - კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც გამოავლინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ცდილობდა ბიუჯეტისთვის დაემალა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადები. ისინი ბოროტად იყენებდნენ არსებულ კანონმდებლობას, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შემოჰქონდათ საქონელი, ხუთდღიან საშეღავათო პერიოდში თავს არიდებდნენ გადასახადებს. მათ ჰქონდათ საკმაოდ ჩახლართული სქემა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის თავგზის აბნევა. გამოიკვეთა არაერთი ფირმა, იურიდიული პირი, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი. საქმის სირთულის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახურმა ეს საქმე გახსნა. საუბარია 22 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციაზე, აქედან ბიუჯეტის კუთვნილი თანხა - 4 მილიონი ლარი, არ იქნა გადახდილი.

-შეგიძლია დაგვიდასტურო, რომ საუბარია ქვეყანაში შავი მარილის და ცემენტის შემოტანაზე?

- დიახ, ამ შემთხვევაში ნამდვილად ასეა. ბოლო პერიოდში საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე ანალოგიური საქმე გახსნა, თუმცა არც ერთი ამ მასშტაბის არ ყოფილა, როგორც ფინანსური ზარალის, ისე დანაშაულში მონაწილე პერსონების სიმრავლის კუთხით.

- კონკრეტულად რა სქემით მოქმედებდა ეს ჯგუფი?

- როდესაც ქვეყანაში შემოდის პროდუქცია, მას აქვს თავისი ღირებულება. ამ შემთხვევაში საუბარია 22 მილიონზე. იმპორტიორი ვალდებულია კანონით დადგენილი 5 დღის შემდეგ გადაიხადოს გადასახადი. როდესაც ერთ კომპანიას აქვს განზრახული გადასახადისგან თავის არიდება, ამის დადგენა საკმაოდ მარტივია. სწორედ იმის გამო, რომ საგამოძიებო სამსახურისთვის კვალი აერიათ და ამ გზით არ გადაეხადათ გადასახადები, მათ შექმნეს არაერთი შპს. საქართველოში შემოტანილი პროდუქცია ამ 5-დღიან პერიოდში ფორმდებოდა სხვა შპს-ზე, შემდეგ ეს შპს ამას ანაწილებდა კიდევ 4 შპს-ზე და ა.შ. ანუ საქმეში ფიგურირებს მთელი ქსელი. მათი გათვლა იყო ის, რომ საგამოძიებო სამსახურს არ აღმოაჩნდებოდა რესურსი, რომ ასეთი დანაწევრებული სახით გამოეაშკარავებინა საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯგუფი.

ვახო ბერიძე

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”