ლარი ისევ გაუფასურდა - სად არის ”ძაღლის თავი” დამარხული?!

რომან გოცირიძე: ”ლარის სტაბილურობა კაპიტალის შემოდინებაზე, ბიუჯეტის დაბალანსებულ ხარჯვასა და ეროვნული ბანკის ზუსტ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული”

ეროვნული ვალუტის კურსზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენი სწორედ ვალუტის სტაბილურობაა, ამიტომ, მოსახლეობა ყურადღებით ადევნებს თვალს ქართული ლარის ცვალებადობას. ბოლო დღეებში ლარის კურსი საგრძნობლად შეიცვალა, რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა და დღეს საქართველოში 1 დოლარი უკვე 1.8217 ლარი ღირს. ამ ფაქტის შეფასება ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს ვთხოვეთ.

- მართლაც, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდებოდა, რამაც ადამიანებში გარკვეული შიში აღძრა შარშანდელი, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე. 2013 წლის 1 ნოემბერს ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში იყო 1,6720 და მთელი ორი თვის მანძილზე გაუფასურების შედეგად, იმავე წლის 31 დეკემბრისთვის მიაღწია 1.7367 ნიშნულს. ლარის დევალვაციის ტენდენცია გაგრძელდა 2014 წლის იანვარ-თებერვალშიც და კურსი 1,80-ს გაუტოლდა. მარტიდან კი ლარმა გამყარება დაიწყო. 2014 წლის 1 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 1.7528 ლარი იყო, თუმცა მიმდინარე წლის ნოემბრიდან ლარმა ისევ დაიწყო გაუფასურება და დღეის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი 1.8217 ლარის ტოლია.

- მოსახლეობას აინტერესებს, შარშანდელი სცენარი ხომ არ განმეორდება და ხომ არ გახდება ეს ფასების ზრდის გამომწვევი?

- წლევანდელი ვითარება თავისი მასშტაბით ჯერჯერობით არ ჰგავს შარშანდელს, თუმცა გარკვეული მსგავსება მართლაც შეიმჩნევა. ნაკლები ზომით, მაგრამ შარშანდელის განმეორების რისკი მაინც არსებობს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მთავრობა წარსულ შეცდომებს არ გაიმეორებს, განსაკუთრებით, ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვის პროცესში. ლარის სტაბილურობა კაპიტალის შემოდინებაზე, ბიუჯეტის დაბალანსებულ ხარჯვასა და ეროვნული ბანკის ზუსტ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. შარშან, საბიუჯეტო წლის განმავლობაში თანხა არარიტმულად, არათანაბარზომიერად იხარჯებოდა. ძირითადი დატვირთვა მოდიოდა ბოლო, მეოთხე კვარტალზე, რამაც თავის მხრივ ფულის მასის ერთბაშად ზრდა და ლარის დევალვაცია გამოიწვია. შარშან, მას შემდეგ, რაც ლარის გაუფასურება დაიწყო, მისი მკვეთრი დაცემის თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს მხოლოდ დეკემბერ-იანვარში 470 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია - ეს მოხდა ფულის ზედმეტი მასის სტერილიზაციის მიზნით. თუ ეროვნული ბანკის რეზერვები 2013 წლის ზაფხულში 3,1 მილიარდი დოლარის ოდენობით განისაზღვრებოდა, მისი მოცულობა დღეისათვის 2,6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ნოემბერ-დეკემბერში ბიუჯეტიდან ხარჯების დიდი რაოდენობით გაწევამ და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში 632 მილიონი ლარის დანაკლისით შესრულებამ, რომელიც წინა პერიოდში დაგროვილი ნაშთებიდან გადაიფარა, ფულის მასის სწრაფი ზრდა და მისი სტერილიზაციის აუცილებლობა გამოიწვია. იმ ნაშთიდან, რომელიც 2012 წლის დასაწყისისათვის ბიუჯეტში იყო დარჩენილი წინა მთავრობის დროიდან - თითქმის 900 მილიონი ლარის ოდენობით - ეროვნული ბანკში არსებულ მთავრობის ანგარიშზე წლის ბოლოს მხოლოდ 287 მილიონ ლარი დარჩა ანუ თუ მთავრობამ წინა წლის ბიუჯეტი დაგროვილი ნაშთებით დააბალანსა, მიმდინარე წელს ამას იგი შიდა ვალის მკვეთრი ზრდის ხარჯზე ახერხებს. მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების თავიდან ასაცილებლად მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში ხარჯების ფრთხილად გაწევაა აუცილებელი. უფრო მეტიც, უმჯობესია ბიუჯეტის გეგმა ხარჯვით ნაწილში არ შესრულდეს, ვიდრე ბოლო თვეში მოხდეს თანხის დიდი ოდენობით გადარიცხვა მხარჯველი ერთეულებისათვის და ამას ლარის დევალვაციის პროვოცირება მოჰყვეს. როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, ბიუჯეტი ვერ შესრულდება.

- იძლევა თუ არა ბიუჯეტის მდგომარეობა ამის თქმის საფუძველს?

- თავად განსაჯეთ: როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების გეგმის შესრულებაში საკმაო ჩამორჩენა შეინიშნება. დღეისათვის მობილიზებულია 7,606 მილიარდი ლარი, ანუ შემოსავლების გეგმის (9.105 მილიარდი ლარი) შესრულებას აკლია 1, 5 მილიარდი ლარი. წლის განმავლობაში, დღემდე ბიუჯეტიდან გაწეულია ხარჯი 7,419 მილიარდი ლარის ოდენობით. თვეზე ცოტა მეტი პერიოდის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს თითქმის 1,7 მილიარდი ლარი, ანუ საშულო თვიურ ხარჯვასთან შედარებით ორჯერ და კიდევ უფრო მეტი. პარადოქსია, მაგრამ ხარჯებში ჩამორჩენა ლარის სტაბილურობის ერთ-ერთი ფაქტორიც კი იყო გასული თვეების განმავლობაში ბიუჯეტის დაბალი დეფიციტის გამო, თუმცა ეს მდგომარეობა შეიძლება დავახასიათოთ, როგორც გადავადებული რისკები. ამიტომ, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ეს ფაქტორები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

- სად უნდა ვეძებოთ ლარის გაუფასურების წყარო და რით შეიძლება ავხსნათ ამ ტენდენციის გაჩენა?

- რომ არა შარშან და წინა წლებში დათესილი შიში (ბოლო ათი წლის განმავლობაში ლარი სამჯერ გაუფასურდა სწორედ ერთსა და იმავე დროს), ამ მცირეოდენი რყევისათვის ყურადღება შეიძლება არც კი მიგვექცია. ამ თემის ზედმეტი პედალირება უკვე ცალკე ფაქტორი ხდება. როცა ქვეყანაში ვალუტის გაცვლის თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმი მოქმედებს, ამ დიაპაზონში რყევა ბუნებრივია და მასში ჩარევა არცაა სასურველი. იგი ადეკვატურად ასახავს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს და მისი დამახინჯება საბოლო ჯამში უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. მხოლოდ მკვეთრი რყევების დროს თუ იქნება მიზანშეწონილი ეროვნული ბანკის ჩარევა. როგორც წესი, ეს სეზონურობით, ან საგარეო ფაქტორებით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამჟამად რაიმე განსაკუთრებული და ამაღელვებელი არაფერი ხდება. თუ ფუნდამენტურ ფაქტორებთან არა გვაქვს საქმე, ლარის კურსი ჩვეულ დიაპაზონში იმოძრავებს. როგორც იტყვიან, აღმართს დაღმართი მოსდევს. რადგან ამ საკითხზე ვსაუბრობთ, მოდით, ორივე მხარე განვიხილოთ: მოთხოვნისა და მიწოდებისა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ფულის მასა ძალზე ზომიერად იზრდება. მიმოქცევაში არ შეიმჩნევა რაიმე მკვეთრი მატება არც ნაღდი ფულის, არც ე.წ. "სარეზერვო ფულისა", რომელსაც ეროვნული ბანკი საკმაოდ კარგად აკონტროლებს, არც ფულის ისეთი აგრეგატისა, როგორიცაა ფართე ფული, უცხოური დეპოზიტების გარეშე, რომელიც მხოლოდ 10 პროცენტით გაიზარდა. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე რეფინანსირებით გაცემული ერთკვირიანი სესხებიც კი შეამცირა 500 მილიონიდან 330 მილიონამდე. მცირეოდენ ასწია რეფინანსირების განაკვეთიც - კერძოდ, 4 პროცენტამდე, ანუ მოთხოვნის მხრიდან ყველაფერი წესრიგშია.

- იქნებ, ფულის მიწოდებაშია ”ძაღლის თავი” დამარხული?

- სწორია. როგორც ჩანს, უცხოური ვალუტის შემოდინება ამ მოკლევადიან პერიოდში შემცირდა. ჯერ არ არის ცნობილი საგადამხდელო ბალანსის ზუსტი სტატისტიკა ნოემბრის მდგომარეობით. იქ გამოჩნდება, იკლო თუ არა უცხოურმა ინვესტიციებმა, ექსპორტმა, ამასთან, მოიმატა თუ არა იმპორტმა. ინფრასტრუქტურული პროექტების ცუდად წარმართვამ საზღვარგარეთული კრედიტებით გათვალისწინებული ვალუტის შემოდინება აშკარად შეაფერხა, ისევე როგორც მიზნობრივი გრანტებისამ. გაუგებრობაა ე. წ. მილენიუმის პროგრამის, ათასწლეულის გამოწვევის გრანტის ათვისების საკითხში: ნაცვლად იმისა, რომ 140 მილიონი დოლარიდან საკმაო სამუშაო შესრულებულიყო, საქმე ჯერაც არ დაწყებულა. რა უკვე ცნობილია, ეს არის უცხოეთიდან სწრაფი გზავნილების არხებით შემოსული თანხების რაოდენობა - ამ მიმართულებით ოქტომბრის თვეში 8,6 მილიონი დოლარის კლება აღინიშნა და ეს მოხდა რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირების გამო. თუმცა, ეს არ არის იმ რაოდენობის თანხა, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს კურსის ფორმირებაზე. გასათვალისწინებელია სეზონურობის ფაქტორიც, როცა ზამთარში მეტი რაოდენობის გაზის, ელექტროენერგიისა და სხვა სახის საქონლის იმპორტირება გვიწევს. ასევე საყურადღებოა ზოგიერთი დასახელების საქონლის ექსპორტის შემცირებაც, თუნდაც მანქანების რეექსპორტისა აზერბაიჯანსა და სომხეთში... მიუხედავად ამისა, ეროვნულ ბანკს აქვს იმის რესურსი, რომ ლარის კურსი არ გაექცეს. სამწუხარო იქნება, თუ ეს ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვების შემცირების ხარჯზე მოხერხდება. ვალუტის სტაბილურობა პირველ რიგში ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ის ტენდენციები, რომელიც სხვადასხვა სახის შეზღუდვით, მარეგულირებელი ნორმების შემოღებითა და სახელმწიფოს ეკონომიკურ პროცესებში ჩარევით ვლინდება, დამაფიქრებელია და ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს.

ხათუნა ჩიგოგიძე