ზურაბ გამეზარდაშვილი: დონორი ორგანიზაციები საქართველოს საზღვრის მოწყობის მიზნით, 6 მლნ ევროს გამოყოფენ

დონორი ორგანიზაციები საქართველოს საზღვრის უკეთესად მოწყობის მიზნით, 6 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საზღვრის მართვის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე დონორთა კონფერენციის ფარგლებში სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა განუცხადა. "დღეს მიმდინარეობს დონორთა კონფერენცია საზღვრის უკეთესად მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენმა ევროპელმა და დასავლელმა მეგობრებმა ნახეს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა საზღვრის ინფრასტრუქტურის მოწყობაში, ამიტომ მზადყოფნა გამოთქვეს, მიმდინარე წელს განახორციელონ 6 მილიონი ევროს ინვესტიცია საზღვრის უკეთესად მოწყობის საქმეში", - განაცხადა ზურაბ გამეზარდაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აქედან 3 მილიონი ევრო მოხმარდება საქართველო-თურქეთის დემარკირებულ საზღვარზე ტექნიკურ აღჭურვას, ხოლო მეორე 3 მილიონი ევრო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი ინფრასტრუქტურის აშენებას, ტექნიკურ მოწყობასა და სრულ მოდერნიზაციას.

ზურაბ გამეზარდაშვილმა მიმდინარე დონორთა კონფერენციაზე 2014 წლის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა. კონფერენციაზე წარდგენილი იყო სასაზღვრო პოლიციის სტანდარტიზაციის, მოდერნიზაციისა და უნიფიკაციის 5-წლიანი პროგრამა, რომელიც შს სამინისტროს შიდა უწყებრივი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. პროგრამა მიზნად ისახავს სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმების შემდგომ ინსტიტუციონალიზებას, მართვის, დაგეგმვისა და ბიუჯეტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას.