იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი უკვე მეორე კვარტალია ზედიზედ იკლებს

Admiral Markets-ის ანალიტიკური ჯგუფის ინფორმაციით, კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო იაპონიიდან და ევროპიდან გამოსული ინფორმაციები.

ყურადღება გვინდა გავამახვილოთ აზიის რეგიონზე, კერძოდ იაპონიაზე. გამოქვეყნდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მონაცემი. იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი უკვე მეორე კვარტალია ზედიზედ იკლებს და ამ ინფორმაციამ ქვეყნის საფონდო ბირჟაზე Nikkei გამოიწვია ერთგვარი პანიკური მდგომარეობა.. როგორც ცნობილია, იაპონია უკვე ორი წლის მანძილზე ახორციელებს ფულის მასიურ ბეჭდვას ეკონომიკის სტიმულირების მიზნითა და უარყოფითი სავაჭრო ბალანსის გამოსასწორებლად. ამ პროცესმა დადებითი ძვრები გამოიწვია გარკვეულ დარგებში, კერძოდ, მოიმატა წარმოების სექტორმა და გაიზარდა ექსპორტი.

მაგრამ, ქვეყანა დღემდე ყიდულობს ძვირ ენერგო მატარებლებს და იმპორტის რიცხვიც შესაბამისად იზრდება. მიუხედავად გაწეული სამუშაოსი და გაკეთებული დადებითი პროგნოზებისა, ყველაფერი საპირისპიროდ ვითარდება. 2014 წლის დასაწყისში მთლიანმა შიდა პროდუქტმა მოიმატა 5,9 პროცენტით, რასაც შემდგომ მოჰყვა ძლიერი კლება და შეადგინა -7,3 პროცენტი. ხოლო ბოლო მონაცემის მიხედვით, კლება კვლავ გაგრძელდა და ამჟამად ეკონომიკურმა განვითარებამ დაიკლო კიდევ 1,6 პროცენტით. ანუ ეს ნიშნავს, რომ იაპონიის ეკონომიკა რეცესიაშია.

ევრო დოლართან მიმართებაში ისევ საგრძნობლად დაეცა ევროპის ბანკის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ. კერძოდ, მან თქვა, რომ ევროპისთვის უმთავრესი პრობლემა - ინფლაცია,  კვლავ აქტუალურია და მის გამოსასწორებლად დრაგის უწყება ყველაფერს გააკეთებს. ყველაფრის გაკეთებაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ფულის ბეჭდვის პროცესის დაწყებაც, რაზეც აქამდე თავს იკავებდნენ. ეს მოხდება იმის გამო, რომ რეგიონში არის უკვე დეფლაციის საფრთხე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში მიმდინარე რთული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპის წინასწარი პროგნოზი ეკონომიკური განვითარების შესახებ გაუარესებულია. ამ განცხადებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა ფორექსის ბირჟაზე და ერთი საათის მანძილზე ევრომ დოლართან მიმართებაში დაკარგა თითქმის 150 პუნქტი. შეიძლება ითქვას, რომ ბაზრებზე ერთგვარი ნევროზული მდგომარეობაა და ევროპას ინვესტორები სიფრთხილით აკვირდებიან. შესაბამისად, არაა გამორიცხული ბაზრებზე უფრო მძაფრი რეაქციები ჰქონდეთ მომავალშიც, თუ კვლავაც გამოვა უარყოფითი ინფორმაციები.

მსოფლიოში დიდი სკანდალია აგორებული არაკეთილსინდისიერი ფინანსური ტრეიდერების მოქმედების გამო, რომელთაც მფარველობას უწევდნენ უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციები. საქმე ეხება ფორექსის ბირჟაზე მანიპულაციას, რომლის დროსაც დაჯარიმდნენ ევროპული და ამერიკული ბანკები, როგორიცაა შვეიცარული UBS, დიდი ბრიტანული Royal Bank of Scotland და HSBC , ამერიკული Citigroup, JP Morgan Chase და Bank of America.

მთლიანობაში, ჯარიმის სახით ეს ბანკები გადაიხდიან 3,5 მილიარდ დოლარს. გამოძიება ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა, რისი დასრულების შემდეგაც განთავისუფლებული და დაჯარიმებულია 30-ზე მეტი დილერი, რომელთაც თავისი ინტერესი უპირატესად დააყენეს კლიენტის, ბირჟების მონაწილეთა და მთლიანად ბირჟის სტაბილურობის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბანკები არ აღიარებენ დანაშაულს, მათი რეპუტაცია ძალიან შერყეულია. ეს ფაქტი არაა სასიამოვნო ბანკებისთვის, მაგრამ ძალიან პოზიტიურია უბრალო ხალხისთვის.

როგორც ჩანს, ისეთ სენსიტიურ დარგში, როგორიც საბანკო სფეროა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო რეგულატორების მხრიდან სწრაფ და სწორ რეაგირებას. სწორედ ამიტომ ყველა ჩვენ კლიენტს და ტრეიდერს კატეგორიულად ვურჩევთ, იმუშაონ მხოლოდ იმ დილერებთან, რომლებიც იმყოფებიან მკაცრი რეგულირების ქვეშ. ესეთები არიან მხოლოდ ის ბროკერები, რომლებიც რეგისტრირებულები არინ ევროპაში და შეერთებულ შტატებში და არა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად, რუსეთი. პრაქტიკულად ეს არის ერთადერთი დაცვა არაკეთილსინდისიერი მომსახურების წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, დღეისთვის საქართველოშიც მომრავლდა რიგი კომპანიები, რომელთაც ასეთი რეგულატორები არ გააჩნიათ და პირდაპირი გაგებით კლიენტები ხვდებიან დიდი რისკის ქვეშ.

მომზადებულია კომპანია Admiral Markets ანალიტიკური ჯგუფის მიერ