რუსეთში დაკარგულ მილიარდებს ითვლიან

რუსეთში დასავლეთის სანქციებისა და ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნის გამო დაკარგული მილიარდები დათვალეს.

რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა სანქციების გამო წელიწადში 40 მილიარდ დოლარს კარგავს, ხოლო 90-100 მილიარდს - ნავთობის ფასის 30 %-ით შემცირების გამო.  მინისტრის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს ორ სირთულეს შეეჯახა: - ნავთობზე ფასების დაცემას და გეოპოლიტიკურ ვითარებას. მისი აზრით, ნავთობზე ფასის შემცირებამ არსებითად დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა.

”თუკი გეოპოლიტიკაზე ვილაპარაკებთ - განვითარებული ქვეყნებიდან კაპიტალის შემოდინება შემცირდა, ასევე შემცირდა საინვესტიციო რესურსები. კაპიტალის გადინება ძირითადად ხდება კონვერტაციის გზით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუბლის კურსი არასტაბილურია”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.