ფინანსთა სამინისტროში თამბაქოს იმპორტიორი კომპანიების კავკასიის ოფისების გენერალურ დირექტორებს შეხვდნენ

მომავალი წლიდან თამბაქოს ნაწარმის აქციზით დაბეგვრასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მორიგი შეხვედრა გაიმართა ფინანსთა სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე თამბაქოს იმპორტიორი კომპანიების British American Tobacco-ს, Japan Tobacco International-ის, Philip Morris International-ის და Imperial-ის კავკასიის ოფისების გენერალურ დირექტორებს შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სამუშაო დონეზე განიხილონ როგორც სიგარეტზე აქციზის გადასახადის ე. წ. "შერეული სისტემა", ისე აქციზის გადახდის წესთან დაკავშირებული ცვლილებები. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს კონსულტაციები საკანონმდებლო ცვლილებების სრულყოფის მიზნით.