ლარის კურსი პანიკის ზღვარზე!

ეროვნული ვალუტა ერთ კვირაში 3,2%-ით გაუფასურდა და 4-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ლარი კატასტროფულად გაუფასურდა. დღეიდან სამომხმარებლო ბაზარზე მსუბუქი პანიკაა მოსალოდნელი. სპეციალისტების განცხადებით, ინფლაციური მოვლენების თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა განმარტოს - რატომ დაეცა კურსი და რა ბედი ელის ეროვნულ ვალუტას. ”ბიზნეს-რეზონანსმა”  საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე მიმართა, თუმცა სებ-ში კომენტარი საჭიროდ არ ჩათვალეს.

რამდენიმე დღის წინათ გაკეთებული ”რეზონანსის”  პროგნოზი გამართლდა, ეროვნული ბანკის ოფიციალური კრუსით 1 დოლარის ღირებულება 1,82 ლარს გადაცდა. ბოლო ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 3,2%-ით გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ კურსი მცოცავია.

2010 წლის 10 ივნისის შემდეგ ეროვნული ვალუტა ასეთ მძიმე დღეში არ ყოფილა. ეს ის პერიოდია, როდესაც დოლარის ღირებულებამ 1,88 ლარს გადააბიჯა. 2011 წლის თებერვალში ლარის კურსმა ”ფსიქოლოგიურ ზღვარს” კიდევ ერთხელ მიაღწია. მას შემდეგ ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყო და დღემდე 1,8-ის ნიშნული არ გადაულახავს. საერთოდ კი, ეს არის ყველაზე მაღალი კურსი 2010 წლის 23 სექტემბრის შემდეგ.

2013 წლის ბოლოს ლარის გაუფასურება ისევ დაიწყო, თუმცა სებ-მა პროცესი 1,79-ის მიდამოებში დაამუხრუჭა. შარშან ეროვნული ვალუტის დაცემა ეკონომიკის უკუსვლას დაბრალდა. წელს ეკონომიკა სტატისტიკურად წინ მიიწევს, თუმცა ეროვნულ ბანკში ლარის ვარდნას ისევ ამ ფაქტორით ხსნიან.  ”ლარის კურსი იქნება ისეთი, როგორსაც განსაზღვრავს ეკონომიკა”, - რამდენიმე დღის წინათ განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა და დასძინა, რომ ლარის გაუფასურების პრობლემას ვერ ხედავდა.

”ამის პრობლემას არ ვხედავ, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და, შესაბამისად, კურსი იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ანუ როგორსაც განსაზღვრავს ეკონომიკა”, - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

სპეციალისტების განცხადებით, ეროვნულ ბანკს აქვს იმის რეზერვები, რომ ლარის კურსის ვარდნა დროულად შეაჩეროს, მაგრამ თუკი დააგვიანებს, პროცესის სამართავად უფრო მეტი დოლარი დასჭირდება და შემდეგ მოუწევს ახსნა-განმარტების გაკეთება რეზერვები დროულად რატომ არ გამოიყენა. ექსპერტ სოსო არჩვაძის აზრით, ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა მოსახლეობაში დაძაბულობასა და შიშს აჩენს. შესაბამისად, არასტაბილურობის განცდა ინფლაციაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე რეალური ეკონომიკური მდგომარეობა. ამიტომ, ექსპერტს მიაჩნია, რომ როგორც ეროვნულმა ბანკმა, ისე მთავრობის წევრებმა მოსახლეობას აღნიშნულ პროცესებზე უფრო მეტი განმარტება უნდა მისცეს.

”ამ ეტაპზე, მთავრობის პირველი ამოცანაა, რომ ”ეკონომიკური ნერვოზი” მოხსნას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე უფრო მეტი განმარტება გააკეთოს,” - ამბობს არჩვაძე.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ლართან დაკავშირებული ცვლილებები საერთაშორისო ბაზარზე დოლარის გამყარებით არის გამოწვეული. ”ყველა ქვეყანაში, ყველა ვალუტასთან მიმართებაში დოლარი გამყარდა. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი ლარზეც აისახება. რაც შეეხება ბიუჯეტს, ამას ბიუჯეტთან არავითარი კავშირი არ აქვს, რადგან ბიუჯეტში რაც დასახარჯია და რაც იხარჯება, უცხოური ვალუტით შემოდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად სწორედ დოლარში ვიღებთ თანხას და პირიქით, ეს შეიძლება ეხმარებოდეს, რომ ლარის კურსის გამყარება მოხდეს”, - განაცხადა კაკაურიძემ.

საბანკო ექსპერტის მიხეილ თოქმაზიშვილის განცხადებით კი, ლარის კურსის გაუფასურება ეროვნული ბანკის საქმიანობას უკავშირდება. სებ-ი მთავარი მარეგულირებელი ინსტიტუტია და თუკი დღეს გაუფასურება მოხდა, ეს განპირობებულია იმ ფულის მასის მოძრაობით, რომელსაც ეროვნული ბანკი არეგულირებს. ”ლარი ძალიან სწრაფად გაუფასურდა. ბანკს რეზერვების გარდა, სხვა ბერკეტებიც აქვს, რომლის გამოყენებითაც ეროვნული ვალუტის დაცემას შეაფერხებდა - ეს არის ოპერაციები ღია ბაზარზე, ლარის მასის ამოღება და სხვა. ამ ბერკეტების გამოყენება სებ-ის პრეროგატივაა. შესაბამისად, ლარის სწრაფად გაუფასურებაში, გარკვეულწილად, ეროვნულ ბანკს მიუძღვის ბრალი”, - განმარტავს მიხეილ თოქმაზიშვილი და დასძენს, რომ ამ პოცესში სხვა ფაქტორებიც მონაწილეობს. ეს შესაძლებელია, იყოს სავაჭრო ბალანსის გაუარესება, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორი.

”მოსახლეობა წლის ბოლოს შიშით ელოდება და ფიქრობს, რომ შარშანდელის მსგავსად ლარი დაეცემა. ამიტომ ბევრი ადამიანი თადარიგს იჭერს და უცხოურ ვალუტას ყიდულობს. ეს ფაქტორები ლარის კურსზე სხვადასხვა სიძლიერით მოქმედებენ”, - მიიჩნევს მიხეილ თოქმაზიშვილი. რაც შეეხება მომავალს, ექსპერტის აზრით, ლარს დროებითი რყევა ახასიათებს. რამდენადაც სწრაფად გაიზარდა კურსი, შესაძლებელია ასევე სწრაფად შეჩერდეს და უკან დაიხიოს.

შარშან ლარის სწრაფი გაუფასურება სწორედ ნოემბრიდან დაიწყო და იანვრის ბოლოს ეროვნული ვალუტის კურსმა დოლართან მიმართებაში 1,79 ლარსაც კი მიაღწია. არადა, მთელი 2013 წლის განმავლობაში 1 დოლარის ღირებულება 1,66 ლარის ფარგლებში მერყეობდა. 2013 წლის დეკემბერში, ლარის კურსი დოლართან 1,74 ლარამდე დაეცა და ვარდნა შემდეგ თვეებშიც განაგრძო. გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად, ეკონომიკის დაბალი ტემპი და წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ერთბაშად ხარჯვა დასახელდა.

როგორც ჩანს, მსგავსი პროცესი განმეორდება წელსაც, ოღონდ ეროვნული ვალუტის კურსი გაცილებით მაღალ თამასას მიაღწევს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”