თუ ლარი დაეცა, პროდუქტი გაძვირდება

”იმპორტიორები საფასო პოლიტიკას აუცილებლად გადახედავენ”

ეროვნულ ბანკს ლარის უმნიშვნელო გამყარება 40 მილიონი დოლარი დაუჯდა. ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან 4%-მდე გაუფასურდა. ჯერჯერობით ამგვარ რყევას სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტის გაძვირება არ მოჰყოლია, თუმცა სპეციალისტები ინფლაციურ პროცესს უკვე ელიან. კურსის 5%-ზე მეტით დაცემის შემთხვევაში, იმპორტირებულ პროდუქტზე ფასი გაიზრდება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძალისხმევა კურსის დასაჭერად მნიშვნელოვანია.

გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1,8162 ლარი შეადგინა. საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი იმპორტირებული საქონლით არის გაჯერებული, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის რყევები ინფლაციის პროვოცირებას იწვევს. ამიტომაცაა, რომ ლარის მყისიერ გაუფასურებას, როგორც ეს გუშინ მოხდა, ყოველთვის პოდუქტის გაძვირების შიში ახლავს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის მსყიდველუნარიანობა ისედაც შემცირებულია.

ექსპერტ სოსო არჩვაძის განცხადებით, კურსის მკვეთრი რყევა და ეროვნული ვალუტის დაცემა უარყოფითად მოქმედებს ბაზარზე და ინფლაციის მაპროვოცირებელ საფუძველს ქმნის. თანაც ინფლაცია, სხვა ეკონომიკურ ინდიკატორებთან შედარებით, იმით განსხვავდება, რომ მასზე გავლენას ახდენს არა მარტო არსებული მდგომარეობა, არამედ საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება მომავლის მიმართ.

”თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხვალ კურსი დაეცემა და მდგომარეობა უფრო მძიმე იქნება, მათ ქმედებას სერიოზული კორექტირება შეაქვს ინფლაციის დონეში; ანუ ხვალინდელი მოლოდინის მასშტაბსა და ფორმას გავლენა აქვს ამჟამინდელ ინფლაციაზე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკა - ჩათვლის საჭიროდ, რომ მიმოქცევაში ლარის მასა შეზღუდოს თუ ყველაფერს თვითდინებაზე მიუშვებს” -აღნიშნა სოსო არჩვაძემ ”რეზონანსთან” საუბრისას.

ეროვნული ვალუტის გამყარება, გარკვეულწილად, დამოკიდებულია უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების დინამიკაზეც. ბოლო თვეებში ფულადი ნაკადის შემცირების ტენდენცია აღინიშნება. ”ეს ნიშნავს, რომ ლარის მასას სულ უფრო და უფრო ცოტა დოლარის მასა უპირისპირდება. ბუნებრივია, ესეც ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის მაპროვოცირებელია” - მიიჩნევს ექსპერტი და დასძენს, რომ შიდა სამომხმარებლო ბაზარი დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ანგარიშსწორება უმეტესად დოლარში ხდება. ამიტომ აშშ დოლარის გამყარება ავტომატურად იწვევს იმპორტირებული საქონლის გაძვირებას, რაც ასევე გავლენას ახდენს ლარის კურსსა და ინფლაციაზე.

”ეს ის ფაქტორებია, რომელთა გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. ეროვნული ბანკის ქმედება არ იქნება გამართლებული, თუ იგი მოვლენებს გულგრილად დააკვირდება. სებ-მა მოვლენებს უნდა გაუსწროს და მის ხელთ არსებული ბერკეტებით მოახდინოს ნეგატიური ტენდენციის ჯერ ჩარჩოში მოქცევა, შემდეგ ნეიტრალიზება”, - ამბობს სოსო არჩვაძე.

კიდევ ერთი ექსპერტი ირაკლი ლექვინაძეც ასევე ადასტურებს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს ინფლაციაზე. ”თავად ბაზრის სპეციფიკაა ასეთი, რადგან დიდი წილი იმპორტირებულ პროდუქტს უკავია. ჯერჯერობით ლარი დოლართან მიმართებაში 4%-მდეა გაუფასურებული და ფასების ზრდა არ შეინიშნება. თუ გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა და მიაღწია 5%-იან ზღვარს ან კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს, მაშინ იმპორტიორები საფასო პოლიტიკას აუცილებლად გადახედავენ”, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

მისი აზრით, არსებობს რაღაც კრიტიკული და ფსიქოლოგიური ზღვარი, როდესაც კურსი ამ ზღვარს სცილდება, ეროვნული ბანკის მხრიდან მოკლევადიანი ჩარევა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ”დღეს გვაქვს 3,4%-იანი ინფლაცია. ლარის კურსის ზემოქმედების შედეგად ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სასურველი არ არის. მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი ისედაც გაუფასურებულია, ამიტომ კურსის მკვეთრი რყევის თავიდან ასაცილებლად ეროვნული ბანკის ჩარევა მნიშვნელოვანია”, - ამბობს ლექვინაძე.

იგი დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკი აღნიშნულ პროცესს ჯანსაღად უყურებს და თუკი სამომხმარებლო ბაზარზე ნეგატიური ტალღა წამოვიდა, კურსის დასაბალანსებლად მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ამასთანავე, ექსპერტის აზრით, რაც უნდა გამყარდეს ეროვნული ვალუტა წინასაახალწლოდ, ტრადიციულად, სამომხმარებლო პროდუქტი მაინც გაძვირდება.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”