ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საბიუჯეტო კოდექსის პროექტის განხილვისას გამოთქმული შენიშვნები გაითვალისწინეს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ საბიუჯეტო კოდექსის პროექტის განხილვისას გამოთქმული შენიშვნები გაითვალისწინა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შესულია საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. მათივე განმარტებით, საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების მიზანია, საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის გაუმჯობესება, საჯარო ფინანსების უკეთესი კონსოლიდირების და საბიუჯეტო პროცესის მეტი გამჭვირვალობის მიღწევა.

"აღნიშნული კანონპროექტის განხილვა აქტიურად მიმდინარეობდა საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში. ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა დეპუტატების მიერ გამოთქმული წინადადებები და პროექტში ასახა მათი შენიშვნები. საბიუჯეტო კოდექსის პირველად ვარიანტსა და მეორე მოსმენით გასატან ვარიანტს შორის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო რამდენიმე პრინციპულ თემას, კერძოდ: ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ცვლილებით, სსიპ-ებს, ა(ა)იპ-ებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და ავტონომიურ რესპუბლიკებს უფლება ექნებათ დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით იქონიონ ანგარიშები კომერციულ ბანკებში, რომელზეც საკუთარი გადაწყვეტილებისებრ გადაიტანენ ხაზინაში აკუმულირებულ ჭარბ ფულს. ამ ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები იქნება მათი შემოსავალი და ისინი ამ თანხას საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად განკარგავენ", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, მარეგულირებელი კომისიების გადაყვანა აღარ განხორციელდება სახაზინო მომსახურებაზე და ისინი გამონაკლისთა ჩამონათვალში მოხვდებიან. ასევე, წევრობაზე დაფუძნებული სსიპ-ები, თუ ისინი არ ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე გამონაკლისთა ჩამონათვალში მოხვდებიან და მათი სახაზინო მომსახურებაზე გადაყვანა აღარ განხორციელდება.