ნოდარ ხადურმა უნივერსიტეტების რექტორებს საბიუჯეტო კოდექსის პროექტში გათვალისწინებული შენიშვნები გააცნო

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უნივერსიტეტების რექტორებს საბიუჯეტო კოდექსის პროექტში გათვალისწინებული შენიშვნები გააცნო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საბიუჯეტო კოდექსის პროექტში ფინანსთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებული შენიშვნები, დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელმა ცოტნე ყავლაშვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებსა და ადმინისტრაციის უფროსებს პირადად გააცნეს.

"როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა პარლამენტში გამოთქმული შენიშვნები და სსიპ-ებს, ა(ა)იპ-ებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და ავტონომიურ რესპუბლიკებს უფლება ექნებათ დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით იქონიონ ანგარიშები კომერციულ ბანკებში, რომელზეც საკუთარი გადაწყვეტილებისებრ გადაიტანენ ხაზინაში აკუმულირებულ ჭარბ ფულს. ამ ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები იქნება მათი შემოსავალი და ისინი ამ თანხას საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად განკარგავენ. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროექტში შესული ცვლილებების გათვალისწინებით აღნიშნული საბიუჯეტო რეფორმა არ შეზღუდავს უნივერსიტეტების ფინანსურ დამოუკიდებლობას და არ შექმნის დამატებით ბიუროკრატიას როგორც უმაღლესი დაწესებულებებისთვის, ისე სტუდენტებისთვის", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო მზადაა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის უკეთ გამოყენების კუთხით უნივერსიტეტების ფინანსური მენეჯერების გადამზადება მოხდეს.