გაირღვევა თუ არა 2014 წლის ბიუჯეტი?

ეროვნულ ვალუტას არ ”გაწირავენ”

არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოს ბიუჯეტი ერთ უსიამოვნო სიტყვასთან- ”სეკვესტრთან” იყო ასოცირებული, ბოლო წლებში კი, აქტუალური სულ სხვა ტერმინი - ბიუჯეტის გარღვევა გახდა: შარშან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი 640 მილიონი ლარით გაირღვა, ეკონომიკური ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება 2014 წლის ბიუჯეტიც ვერ შესრულდეს. გასული თვეების ანგარიშის მიხედვით, 10 თვეში ქვეყნის მთავარ ბიუჯეტში 7,174 მილიარდი ლარი შევიდა, მთლიანი ბიუჯეტი კი 9,105 მილიარდი ლარია. აშკარაა, რომ საბიუჯეტო პარამეტრების 100 პროცენტით შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყოველივე ამის გამო, ჩვენს საზოგადოებაში ბევრს კამათობენ თემაზე - გაირღვევა თუ არა 2014 წლის ბიუჯეტი. bpn.ge-მ ეს შეკითხვა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა კვიჟინაძეს დაუსვა.

პაატა კვიჟინაძე: ”მე ამ საკითხის ირგვლივ გამოთქმულ პესიმისტურ მოსაზრებებს ვერ დავეთანხმები, რადგან ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი გადაჭარბებით სრულდება. მართალია, შემოსულობების ნაწილში ცოტა პრობლემები შეინიშნება, მაგრამ წლის ბოლომდე ეს ნაწილიც შესრულდება და თუ არ შესრულდება, ჩამორჩენა უმნიშვნელო იქნება. პრობლემა უფრო ხარჯვით ნაწილში გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ესეც კატასტროფული არ იქნება, რადგან აშკარა გაუმჯობესება იგრძნობა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მხრივ”.

კვიჟინაძის თქმით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მდგომარეობას პარლამენტში მალე წარადგენენ, ამიტომ, საბოლოო შედეგების გაცნობის გარეშე ამ თემაზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევია: ”ჩემი აზრით, ბიუჯეტი არ გაირღვევა, მაგრამ თუ ხარჯვით ნაწილში რაღაც ვერ შესრულდება, ეს ჩვენი ეკონომიკისათვის სერიოზული პრობლემა არ იქნება” - გვითხრა პარლამენტარმა, რომელიც ბოლო ხანებში ლარის კურსის რყევას სხვა ვალუტების მიმართ დოლარის გაძლიერებით ხსნის.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძეც ფიქრობს, რომ ბიუჯეტის მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა:

- მე ყოველდღე ვეცნობი ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების მონაცემებს და მასში კატასტროფული არაფერია. იმის საფრთხეს, რომ ბიუჯეტი ვერ შესრულდება, ან რაღაც არ დაფინანსდება, ჯერჯერობით ვერ ვხედავ. უბრალოდ, სამინისტროებმა დაგეგმილი ხარჯებიც კი ვერ აითვისეს არაპროფესიონალიზმისა და არაორგანიზებულობის გამო. როგორც ჩანს, იწყება ამ დაგროვებული ხარჯების რეალიზაცია და ეს პროცესი ლარის კურსსაც დაეტყო. აქვე რამდენიმე ფაქტორიც დაემთხვა ერთმანეთს: დოლარზე მოთხოვნა იზრდება, თანაც, წლის ბოლოა, ინვესტორებს ფული გააქვთ, ხალხიც დაფრთხა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მიაწყდა - ნაწილობრივ ეს იმის ბრალია, რომ ბიუჯეტის შეუსრულებელი ხარჯების დაფარვა წლის ბოლოს ხდება, რაც ძალიან მოქმედებს ვალუტის კურსზე. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ იმის საფრთხეს, რომ ბიუჯეტი სერიოზული მასშტაბით გაირღვეს.

დემურ გიორხელიძის აზრით, ლარი მაღალ ნიშნულზე ისედაც ხელოვნურად იყო შეჩერებული და თუ ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად დაიწყებს ლარის კურსის ნელ-ნელა დაწევას, ეს ცუდი სულაც არ იქნება, რასაკვირველია, თუ ეს ეკონომიკაზე იქნება მიბმული. ”ლარს არავინ გაწირავს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე დოლარისა და ლარის მიმართება 1,9 ნიშნულზე დაფიქსირდება და 2015 წელს ეს ტენდენცია შენარჩუნდება”, - გვითხრა დემურ გიორხელიძემ.

არაერთი სხვა სპეციალისტის მსგავსად, პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე: ”ზოგიერთი ჩემი კოლეგის ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ დეკემბრის ბოლოს ბიუჯეტს 300 მილიონ ლარამდე დააკლდეს, ჩემი აზრით, ეს ყველაზე უკეთესი ვარიანტია. ახლავე აგიხსნით, რატომ ვფიქრობ ასე: ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში გეგმა შესრულებულია. შემოსავლების სამსახური მართლაც კარგად მუშაობს და წელს ამ მიმართულებით პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ საბიუჯეტო შემოსულობები მარტო საგადასახადო შემოსავლები არ არის, ამას ემატება გრანტები, კრედიტები და სხვა შემოსავლებიც. სამწუხაროდ, კრედიტების ნაწილში სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს, რაც აშკარად მენეჯმენტის პრობლემაა. ფაქტია, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაგეგმილი კრედიტების ათვისებას, რის გამოც ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში ჩამორჩენა გვაქვს. ეს - ერთი პრობლემაა, მაგრამ გარდა ამისა, გვაქვს ხარჯვითი ნაწილი, სადაც სერიოზული ხარვეზებია. ზოგიერთი სახელმწიფო უწყების მიერ თანხა სრულად არის ათვისებული, მაგრამ რიგი სამინისტროებისა, განსაკუთრებით კი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვერ ასრულებს გეგმით გათვალისწინებული ხარჯების ათვისებას და შედეგიც სახეზეა”.

”იმის გარკვევას, შესრულდა თუ არა ბიუჯეტი, მკითხაობა სულაც არ სჭირდება. ამას სჭირდება სახაზინო ანგარიშებში ჩახედვა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ როგორც შემოსულობების, ასევე ხარჯვით ნაწილში გეგმა შეუსრულებელია. ვიღაცას ამის აღიარება თუ არ უნდა და პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, იხტიბარს არ იტეხს, ეს სულ სხვა თემაა. ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ანგარიშში კი წერია, რომ გეგმა ორივე მიმართულებით შეუსრულებელია. აქედან გამომდინარე, პროგნოზი, რომ 2014 წლის ბიუჯეტი გაირღვევა, სავსებით რეალური და საფუძვლიანია. მე პირადად, იმედი არა მაქვს, რომ ჩამორჩენა, რომელიც 10 თვის განმავლობაში გვქონდა, ახლა დაიძლევა. ეს ყოვლად წარმოუდგენელია”,- ამბობს კალანდაძე.

ლევან კალანდაძის თქმით, 2013 წლის ბიუჯეტიც გაირღვა, მაგრამ დღემდე ამის გამო პასუხისმგებლობა არავის აუღია, ალბათ წლევანდელი ბიუჯეტის გამო პასუხისმგებლობასაც არავინ აიღებს: ”იხტიბარს არ იტეხენ, რომ ლარის გაუფასურება საშიში არ არის, რომ ინფლაციის დონე ქვეყანაში საშიში არ არის. დღეს ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან ფორმალურად, ქაღალდზე შევასრულოთ ბიუჯეტი და ლარის კურსი სერიოზული რისკის ქვეშ დავაყენოთ, ან უბრალოდ პასუხისმგებლობა ავიღოთ და ვთქვათ, რომ ბიუჯეტი არასწორად დავგეგმეთ, არასწორად განვახორციელეთ მთელი წლის განმავლობაში, ინვესტიციები ვერ მოვიზიდეთ და ამიტომ იძულებულნი ვართ ბიუჯეტი გავარღვიოთ. ამით საშუალება მოგვეცემა ლარი მეტნაკლებად მაინც გადავარჩინოთ და ამავდროულად, სავალუტო რეზერვებიც დავზოგოთ. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია და არა ეკონომიკისა, რომელიც ზუსტ ციფრებსა და მონაცემებს ეყრდნობა და მსგავს გადაცდომებს ვერ ეგუება”.

ხათუნა ჩიგოგიძე