ლარი ძლივს მოპოვებულ ნდობას კარგავს

”არ მაინტერესებს მიზეზები, მთავრობამ ნება იბოძოს და ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე იზრუნოს”

გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ მოსახლეობა საგონებელში ჩააგდო. ლარის მიმართ ნდობა ისევ იკარგება. განსაკუთრებით ის ადამიანები დაზარალდნენ, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული. გარდა ამისა, უკვე პროდუქტის გაძვირების მოლოდინიც გაჩნდა.

ხალხის უდიდესი ნაწილი ყოველდღე სავალუტო ტაბლოებს შეჰყურებს და შიშით ელის, რა ბედი ეწევა ეროვნულ ვალუტას. თბილისელ ნაირა ხელაძეს კერძო მევახშის 8 ათასი დოლარი მართებს. იგი ყოველთვიურად მხოლოდ პროცენტის სახით 240 დოლარს იხდის. როდესაც ეს თანხა ისესხა, მაშინ 1 დოლარი 1,74 ლარი ღირდა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეროვნული ვალუტა მოკლე პერიოდში ასე დაეცემოდა, რის გამოც მისთვის მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია.

”არ მაინტერესებს, რატომ ეცემა ლარის კურსი. მე ვხედავ მხოლოდ იმას, რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. დღე და ღამე ვმუშაობ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვალი გავისტუმრო, თუმცა ლარის გაუფასურებას ვერ დავეწიე. მაგალითად, 1000 დოლარისთვის საკმარისი თანხა მოვაგროვე და ამ დროს ეროვნული ვალუტა ეცემა და ფული ისევ მაკლდება. მთავრობამ ნება იბოძოს და ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე იზრუნოს. მე მიზეზები არ მაინტერესებს. ახლა, როგორც ყოველთვის, დაიწყება მედიკამენტების გაძვირება, მოტივი აქვთ, წამლები იმპორტულია და ფასები გაიზარდაო. გაძვირდება სხვა სამომხმარებლო პროდუქტიც და რა ვქნათ ამ გაჭირვებულმა ხალხმა? ნებისმიერ ახლობელთან შეხვედრისას სალაპარაკო თემა ვალუტის კურსია. უკვე გადავიღალეთ”,- ამბობს ნაირა ხელაძე.

ვაჟა ჭელიძე კი მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად ადამიანებს გაუფასურებული ლარი თრგუნავს, განსაკუთრებით კი იმ თაობას, რომელსაც კუპონიზაცია აქვს გამოვლილი.

”ჩემი ხელფასი ისედაც გაუფასურებულია. კურსის დაცემის შემდეგ პროდუქტი ისევ გაძვირებას დაიწყებს და საბოლოო ჯამში, ოჯახის მინიმალურ დონეზე კვებაც კი პრობლემა გახდება. წელს პროდუქტის ფასი ისედაც ძალიან გაიზარდა. ასეთი ძვირი წელი არ მახსოვს. ახლა ლარის გაუფასურებაღა გვაკლდა. ხომ ამბობენ, საკმარისი რეზერვები გვაქვსო. გამოიტანონ ეს რეზერვები და გაამყარონ კურსი. ამ ხელისუფლების მიზანი ხალხის ნერვებზე თამაშია?” - ამბობს ვაჟა ჭელიძე.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ლარის კურსის მასშტაბური გაუფასურება ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობას ამცირებს, რაც, საბოლოო ჯამში, ისევ ეკონომიკას აზარალებს.

”როგორც წესი, სავალუტო კურსს ახასიათებს რყევა. უკვე მეორე წელია, ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება, რაც მოსახლეობის ფსიქოლოგიურ განწყობაზე ცუდად მოქმედებს. მეორე საკითხია ის, რომ შარშან ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში 1,66-დან დაიწყო. შემდეგ ავიდა 1,79 ლარამდე და ბოლოს გამყარდა 1,74 ლარზე. წელს გაუფასურება სწორედ ამ ნიშნულიდან დაიწყო და უკვე გადასცდა 1,80 ლარს. ეს ნიშნავს, რომ შარშანდელთან შედარებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში სერიოზულად დაეცა”, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის შეფასებით, ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის - ლარის მიმართ მოსახლეობის მხრიდან ნდობა მკვეთრად არის გაზრდილი, თუმცა სპეციალისტების აზრით, ნდობის ეს ხარისხი ისევ დაბლა წამოვა, თუკი მოსახლეობა არ დაინახავს, რომ მისი ფული სტაბილურია.

აფბა-ს ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში გაზრდილია 18%-ით, უცხოურ ვალუტაში კი - 17%-ით. ”ეს არ არის დიდი განსხვავება და ამ ორი ციფრით რთულია, ლარის მიმართ მომხმარებელთა ნდობის ზრდაზე ვისაუბროთ, თუმცა თუ გადავხედავთ დეპოზიტებს კატეგორიების მიხედვით, აშკარაა ეროვნული ვალუტის მიმართ მომხმარებელთა ნდობის მკვეთრი ზრდა”, -აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

აფბა-ს შეფასებით, მსგავსი ტენდენცია დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გამაგრებაზე, ვინაიდან ლარის მიმართ გაზრდილი ნდობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყანაში დოლარიზაციის დონის შესამცირებლად.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”