"ვითიბი ბანკმა" კომპანია "ყვარლის ბაგა" დააფინანსა

"ვითიბი ბანკმა" სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კომპანია "ყვარლის ბაგა" დააფინანსა.

გაცემული სესხის მოცულობა 1.9 მილიონ დოლარს და 100 000 ლარს შეადგენს. ბანკის ინფორმაციით, კომპანია "ყვარლის ბაგა" დაკავებულია ფერმაში მსხვილფეხა პირუტყვის მოშენებით და საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ნატურალური რძის მწარმოებელია."ვითიბი ბანკის" დაფინანსებით, კომპანია გეგმავს ფერმის გაფართოებას და რძის წარმოების მნიშვნელოვან გაზრდას.

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, "ვითიბი ბანკმა" უკვე ხუთი საწარმო დააფინანსა, სესხების მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი 13%-ია, საიდანაც სახელმწიფოს მიერ წლიური 10% ფინანსდება.

"ვითიბი ბანკის" კორპორატიული ბიზნესის სამმართველოს უფროსმა არჩილ უსანეთაშვილმა განაცხადა, რომ "ვითიბი ბანკი" აქტიურად არის ჩართული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების სახელმწიფო პროგრამაში "აწარმოე საქართველოში". "პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინდუსტრიული მიმართულებები. სახელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ბანკმა განსაკუთრებით გაააქტიურა აგრო ბიზნესის დაფინანსება, რაც ამ სექტორში დაკავებულ კომპანიებს წარმადობის გაზრდაში, ლოკალური და საექსპორტო ბაზრების ათვისებაში უწყობს ხელს", - განაცხადა უსანეთაშვილმა.