თბილისის ბიუჯეტში მეწარმეობისათვის გამოყოფილი თანხა განახევრდება?

”ორი, ან თუნდაც ხუთი მილიონი ბევრს ვერაფერს შეცვლის”

თბილისის ბიუჯეტმა, რომელიც ქალაქის საკრებულომ უკვე განიხილა, ძალიან დიდი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია არა მარტო საკრებულოში, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შორისაც: საქმე ის გახლავთ, რომ 2014 წელთან შედარებით, დედაქალაქის ბიუჯეტში მეწარმეობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხა 2,5-ჯერ არის შემცირებული - თუ გასულ წელს ამ კომპონენტისთვის 5 მილიონ 500 ლარი იყო გამოყოფილი, წელს მხოლოდ 2 მილიონ 127 ათასი ლარია. განხილვის შემდეგ დედაქალაქის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი ისევ მერიას დაუბრუნა. შევა თუ არა ცვლილებები თბილისის ბიუჯეტში ამ მიმართულებით, ერთ კვირაში ანუ 10 დეკემბერს გაირკვევა. ბუნებრივია, აღნიშნულმა ცვლილებამ მცირე მეწარმეებს შორის სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.

გიორგი რ. მცირე მეწარმე: ”უკვე მივეჩვიეთ, რომ ჩვენზე არავინ ზრუნავს და ბედის ანაბარა ვართ მიშვებულნი. მცირე მეწარმეთა უმეტესობას ბანკიდან სესხი აქვს აღებული და ვალებში იხრჩობა. დავით ნარმანიამ არჩევნებამდე 100-მილიონ ლარიანი პროგრამის შესახებ განაცხადა, რომლითაც დედაქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა განვითარებულიყო. გვპირდებოდნენ, რომ ათ-ათი მილიონი თითოეულ რაიონზე გადანაწილდებოდა, მაგრამ ეს დაპირებაც არ შესრულდა. სწორედ ამგვარი მიდგომის ბრალია, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი წელში ვერ გაიმართა”.

საკმაოდ კრიტიკულად აფასებს მერიის გადაწყვეტილებას საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის დირექტორი თამაზ ვაშაკიძეც: ”ამ ტიპის თანხები ძირითადად მაინც ტრენინგებზე მიდის. ეჭვი მეპარება, რომ ეს თანხა რომელიმე ფირმას აეღო და თუ აიღო, ან ვიღაცის ბიძაშვილი იქნებოდა, ან - მამიდაშვილი. სხვათა შორის, მე ამ საკითხის ირგვლივ სპეციალური კვლევა ჩავატარე, რომელიც მერე წიგნადაც გამოვეცი. იცით რა თანხაა შემოსული 1994 წლიდან 2002 წლამდე საქართველოში? - 125 მილიონი დოლარი, თანაც მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით. ეს თანხა მიზნობრივად რომ დახარჯულიყო, მეწარმეებს ახლა სულ სხვა მდგომარეობა ექნებოდათ. სად წავიდა ეს ფული? - წყალში ჩაიყარა და ჩვენს ქვეყანას სასიკეთო არაფერი დაეტყო. წარმოიდგინეთ, ეს ფული გონივრულად რომ დახარჯულიყო, რა შედეგი გვექნებოდა. სამწუხაროა, მაგრამ მეთოდიკა იგივე რჩება, მხოლოდ თანხის რაოდენობა იცვლება. არჩევნებამდე, ყველას კარგი პროგრამა აქვს, მაგრამ თანამდებობის პირები რომ ხდებიან, მერე თავიანთი დაპირებები ავიწყდებათ”.

თამაზ ვაშაკიძის თქმით, მცირე ბიზნესი მთელ მსოფლიოში სერიოზული პრივილეგიებით სარგებლობს, რადგან ეს ერთადერთი დარგია, რომელიც მასობრივ სამუშაო ადგილებს ქმნის: ”ადამიანი სამსახურს შოულობს და სახელმწიფოს უმუშევრობის კომპენსაციის გადახდა აღარ უწევს, მაგრამ ეს მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ხდება. ჩვენთან კი, ლაპარაკი ბევრია, მაგრამ რეალურად არაფერი კეთდება. მე შემიძლია ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი დაგისახელოთ, ყველგან არის მეწარმეობის ხელშემწყობი სტრუქტურა, ან საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი. უფრო მეტიც, ეს უწყებები მერიის სტრუქტურაში შედის, აქ კი, არანაირი მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის მიმართ არ იგრძნობა. სხვათა შორის, თბილისშიც იყო მცირე მეწარმეთა მხარდაჭერის ცენტრი, რომლის პირველი ხელმძღავნელი დათო ქაჯაია იყო. ეს ცენტრი შესანიშნავად მუშაობდა, მაგრამ 2006 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ კანონიც მოსპო საქართველოში მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად და ამ ცენტრს ვინღა გააჩერებდა? ამიტომ ისიც დახურეს”.

ვაშაკიძის აზრით, მცირე მეწარმეების უმეტესობა კომერციულ ბანკებზეა დამოკიდებული, ამიტომ ”ბანკი გახდა ერთგვარი ლომბარდი, მევახშე, რომლის გარეშეც ისინი ვერ იარსებებენ. მეწარმეების უმეტესობას ყველაფერი იპოთეკაში აქვს ჩადებული, რადგან ბიზნესის წარმოებისათვის ფულია საჭირო, სხვანაირად ბიზნესს ვერ შეინარჩუნებ. ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი რომ ცუდ მდგომარეობაშია, ამაზე ბიუჯეტში მისი შენატანიც მეტყველებს: ეს არის ყველაზე მცირე მსოფლიოში - 8-დან 14%-მდე, (სხვადასხვა წყაროს მიხედვით.) ეს ხალხი მიშვებულია თვითდინებაზე და არანაირი შეღავათით არ სარგებლობს. უფრო მეტიც, იმავე გადასახადს იხდის, რასაც ”ვისოლი”, ”ლუკოილი”, ან ”სოკარი” იხდიან. პროცენტული გადასახადი ერთი აქვს პატარა თონესაც და დიდ ნავთობკომპანიასაც, ეს კი, სრული აბსურდია”, - ამბობს თამაზ ვაშაკიძე.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ორი, ან ხუთი მილიონი ბევრს ვერაფერს შეცვლის: ”მე ამ 2,5 თუ 5 მილიონს ერთგვარი ფილოსოფიური სიმშვიდით შევხედავდი და ვიტყოდი, რომ ხელისუფლებამ ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე უნდა იზრუნოს, ამ გზით მიღებული სარგებელი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ერთ წელიწადს გამოყოფილი 2,5, ან ხუთი მილიონი. მაინც, რამდენ მეწარმეს უნდა გაუნაწილო ეს 5 მილიონი, რომ ყველამ შეღავათი იგრძნოს? ამიტომ, ჯობია ქვეყნის მასშტაბით შემუშავდეს ერთიანი პოლიტიკა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას სტიმულს მისცემს”.

სოსო არჩვაძის თქმით, ”ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პრაქტიკაზე, როდესაც ესა თუ ის რეგიონი, ან ადმინიტრაციული ერთეული განსაკუთრებულ პირობებს უქმნის ამა თუ იმ სეგმენტს, რადგან ეს გზა ყოველთვის მარცხით მთავრდება. ორი, ან თუნდაც ხუთი მილიონი ლარი რას წარმოადგენს იმ პირობებში, როდესაც ასეულ მილიონობით ლარი იხარჯება სოფლის მეურნეობაზე, ან საპენსიო უზრუნველყოფაზე? ან რატომ უნდა სარგებლობდეს თბილისში მცხოვრები მცირე მეწარმე უფრო მეტი შეღავათით? რა დააშავა სამეგრელომ, მცხეთა-მთიანეთმა, ან იმერეთმა? იქნებ, უკეთესი გზაა, რომ ქვეყანაში ბიზნესკლიმატი გაუმჯობესდეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბანკების კრედიტები უფრო ხელმისაწვდომი და შეღავათიანი გახდეს? მერწმუნეთ, ეს უფრო გაზრდის სამეწარმეო საქმიანობის მომხიბვლელობას, ვიდრე ერთბაშად გამოყოფილი რამდენიმე მილიონი. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება არა სეგმენტური, არამედ სისტემური განვითარება და სამეწარმეო კლიმატის სრულყოფა მთელი საქართველოს მასშტაბით.”

რაც უფრო შორს წამოიწყებს მეწარმე ბიზნესს, მით უფრო მეტი შეღავათით უნდა სარგებლობდეს ის. განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში, რომ იქ მოსახლეობის დამკვიდრება მოხერხდეს. მაგალითად, უშგულში, ან შატილში მეწარმეებისათვის საპროცენტო განკვეთები უფრო დაბალი და შეღავათიანი უნდა იყოს, ვიდრე დიდ ქალაქებში მცხოვრებთათვის. ეს უფრო სწორი და ეფექტიანი გზაა. ყველა ხედავს, რომ საქართველოში მცირე ბიზნესი ვერ განვითარდა, ეკონომიკური ზრდის ტემპიც დაბალია - ამის გამო უნდა შემოვკრათ ზარები, თორემ ცალკეულ მუნიციპალიტეტს ვერ მოვთხოვთ ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე შეძლოს ბიზნესის წახალისება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თბილისის ბიუჯეტის 70 პროცენტს სწორედ ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს. თბილისი არ არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომ აქაურ ბიზნესმენებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ სხვა რეგიონებში მცხოვრებ მეწარმეებთან შედარებით. ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ვიზრუნოთ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებაზე და არა მარტო დედაქალაქზე, ან ქვეყნის დიდ ქალაქებზე.

ხათუნა ჩიგოგიძე