ორი მიზეზი, თუ რატომ არ შეუძლია ეროვნულ ბანკს ლარის კურსის ვარდნის შეჩერება

”საერთოდ, ვერც ერთი მთავრობა ვერ გაუძლებდა 11 თვის განმავლობაში ორ ძლიერ დარტყმას”

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ფულის მასის კონტროლი ნორმის ფარგლებში განახორციელა. ამასთან, გოცირიძე ამბობს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა ამით არ იყო გამოწვეული, თუმცა, უახლოეს მომავალში ლარის გაუფასურების გამო გაძვირებას კიდევ ერთხელ უნდა ველოდოთ.

რამ განაპირობა ლარის გაუფასურება და მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების ზრდა - ამ და სხვა საკითხებზე ”მთელი კვირა” რომან გოცირიძეს ესაუბრა.

რომან გოცირიძე: ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ბოლო პერიოდში უცხოური ვალუტის შემოდინებას უკავშირდება. ეს კი გამოწვეული იყო სავაჭრო ბალანსის დარღვევით. ოქტომბრის თვის მდგომარეობით, სავაჭრო ბალანსი კიდევ 600 მილიონი დოლარით გაუარესდა. 10 თვეში, მართალია, ექსპორტი გაიზარდა 5 პროცენტით, მაგრამ იმპორტმა კიდევ უფრო მეტად, 11 პროცენტით მოიმატა. ეს ზრდაც წლის პირველ ნახევარში იყო, ბოლო პერიოდში კი ეკონომიკის უარყოფითი მოვლენები შეინიშნება, რაც ექსპორტის კლებაზე აისახება.

არ გვაქვს ჯერჯერობით ნოემბრის სტატისტიკა, თუმცა, როგორც ჩანს, ტენდენცია გაგრძელდა. მომსახურების ნაწილშიც არის კლება, ტურიზმიდან შემოსავალი უმნიშვნელოდ გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მხოლოდ 2 პროცენტით იმატა, ისიც ზაფხულის ხარჯზე. გაუაზრებელმა სავიზო პოლიტიკამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო. აქაც ბოლო თვეების განმავლობაში ტურისტების შემოსვლა შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, განსაკუთრებით ირანიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან.

ასევე შემცირდა ტვირთის გადაზიდვა, განსაკუთრებით რკინიგზით. ტრანსფერტები იგივე დარჩა, თუმცა ოქტომბერში აღინიშნა გადმორიცხვების კლება რუსეთიდან 8,6 მილიონი დოლარის ოდენობით. წლის დასაწყისიდან ჯერჯერობით ტრანსფერტების მთლიანი მოცულობა არ შემცირებულა ამერიკიდან, იტალიიდან და ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან გადმორიცხვების მატების გამო. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ნოემბერ-დეკემბერში რუსეთიდან კვლავ იკლოს, ამ ქვეყნის ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შედეგად.

სეზონურობასაც თავისი წვლილი შეაქვს - მეტი სავალუტო გადარიცხვები გაზის, ელექტროენერგიის და სხვა საქონლის შესაძენად. რაც შეეხება საგარეო ფაქტორს, რომ დოლარი მთელ მსოფლიოში მყარდება და მისი გამყარება საქართველოშიც მოხდა, ეს არ არის სწორი. დოლარი მთელი ზაფხულის განმავლობაში მყარდებოდა ევროსთან და სხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში, მგარამ ლართან მიმართებაში პირიქით, დოლარის კურსი ეცემოდა - 1,72 იყო და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით ასი მილიონი დოლარი შეისყიდა და მოახდინა ლარის ინტერვენცია. ასე რომ, როცა აპელირება გარე ფაქტორებზე ხდება, ეს არის საკუთარი წარუმატებლობის გამართლება ან გადაბრალება საგარეო თემებზე.

რაც შეეხება დღევანდელ დევალვაციას, იგი წარმოიშვა შარშანდელი დევალვაციის შედეგად, რომლიდანაც 11 თვე გავიდა. ანუ, ქვეყანამ ორი დევალვაცია განიცადა. ფაქტობრივად, დღევანდელი პრობლემები, რომელიც აქვს ეროვნულ ბანკს, რომ არ შეუძლია გაყიდოს უცხოური ვალუტა, ეს არის შარშანდელი დანაკარგების შედეგი. მაშინ ლარის კურსის უფრო დიდად დაცემის ასარიდებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 470 მილიონი დოლარი გაყიდა, რითაც რეზერვები 2,6 მილიარდ დოლარამდე ჩამოიყვანა. დღეს რამდენიმე მილიარდი დოლარი რომ ჰქონოდა რეზერვებში, ნებისმიერი ლარის რყევა შეიძლებოდა შეეჩერებინა.

-  ანუ ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად რესურსი აღარ აქვს?

- რეზერვები, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს აქვს. ეს არის 2,6 მილიარდი დოლარი - ნახევარი მილიარდით ნაკლები, ვიდრე შარშან იყო, მაგრამ რეზერვების ასე თავისუფალი ხარჯვის რესურსი უკვე აღარ გააჩნია ორი ფაქტორის გამო - ერთი, მისი მოცულობის გამო, მეორე კი - ქვეყანაში მთავრობა ახორციელებს პროგრამას სავალუტო ფონდთან.

აიღო სესხი 150 მილიონი დოლარის ოდენობით. პირველი ტრანში უკვე მიიღო, დანარჩენს - მომდევნო ორი წლის განმავლობაში მიიღებს. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულია ეროვნული ბანკის რეზერვების მინიმალური ოდენობა და ბიუჯეტის დეფიციტი. დაარღვევ - შეჩერდება ტრანში. ამას მოჰყვება მომავალი წლის ბიუჯეტში 1,1 მილიარდი ლარის ოდენობის მსოფლიო ბანკის და სხვა კრედიტების შეჩერება.

- მომავალი კვირიდან ველოდოთ თუ არა ლარის გამყარებას, როგორც ამას მთავრობაში აანონსებენ?

-  ეროვნულ ბანკს ამაში პირველ რიგში მთავრობა უნდა დაეხმაროს. მთავრობამ უნდა იმუშაოს სავალუტო ფონდთან, რომ მან რეზერვების შემცირებაზე მისცეს თანხმობა. მეორე მხრივ, უნდა განახორციელოს შიგნით საბიუჯეტო ხარჯვის პოლიტიკა, რათა დარჩენილ 22 დღეში დასახარჯი 150 მილიონი ლარი გამოიტანოს ბაზარზე, თუმცა, ეს შეუძლებელია, ვინაიდან ამის შემოსავლის წყარო დიდი ეჭვის ქვეშ დგას. ანუ, მთავარი არის ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა, მისი ზრდა, რომელიც საბოლოო ჯამში განაპირობებს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას.

კიდევ ერთი საკითხი - როცა ამბობენ, რომ ბიუჯეტის სტრუქტურა შეიცვალა, ჩვენ გვაქვს სოციალური და სუბსიდირებული ბიუჯეტი, ყოველთვის უნდა ვთქვათ, თუ საიდან ფინანსდებოდა სოციალური პროგრამები. დაფინანსდა ამ ადამიანებისვე ჯიბიდან, იმ დანაკარგებიდან, რაც მათ შარშანდელი დევალვაციის და ფასების ზრდის შედეგად განიცადეს. ყველა დაფინანსება რაღაცის ხარჯზე ხდება. ასე რომ, თუ ეკონომიკა ჯანსაღი არ არის, რაღაცის ზრდა სინამდვილეში ზრდა არ არის.

- და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე - მთავრობამ თუ ეროვნულმა ბანკმა?

- პასუხისმგებლობა ასეთ მძიმე დევალვაციაზე ეკისრება მთავრობას. აქ ეროვნული ბანკის ბრალეულობა არ ჩანს, ვინაიდან ფულის მასის ზრდა ფაქტობრივად ნულის ტოლია. ეროვნულმა ბანკმა ფულის მასის კონტროლი განახორციელა ნორმის ფარგლებში. საერთოდ, ვერცერთი მთავრობა ვერ გაუძლებდა 11 თვის განმავლობაში ორ ძლიერ დარტყმას: დევალვაცია ჰგავს ინსულტს, როცა მის აღდგენას უნდა საკმაოდ დიდი პერიოდი და ძალიან იშვიათია, რომ მან რაღაც დეფექტი არ დატოვოს.

- ამ ფონზე ელოდებით თუ არა საკადრო ცვლილებას, რომელიც ხელისუფლების ქვედა რგოლებში უკვე დაიწყო. მოსალოდნელია თუ არა ეკონომიკური გუნდის გადადგომა?

- რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდი არის პასუხისმგებელი, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში. მაგრამ, ამ შემთხვევაში მთლიანი მთავრობის პასუხისმგებლობა უფრო უპრიანი იქნებოდა, ვინაიდან სავიზო რეჟიმის გამკაცრება, რომელმაც ტურიზმთან დაკავშირებით პრობლემები შექმნა, ეს არის იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროების პასუხისმგებლობის საკითხი. ის, რომ მიწების გაყიდვა შეიზღუდა და პრივატიზაციის პროცესი შეჩერებულია, მარტო ეკონომიკის გუნდის ბრალეულობა არ არის, პარლამენტარების ბრალიც არის. ასე რომ, ასეთ შემთხვევებში ყოველთვის მთავრობის პასუხისმგებლობა დგება.

- პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებმა უკვე იმატა. მოსალოდნელია თუ არა კიდევ მისი გაძვირება?

- ფასების ზრდა, რომელიც ახლა განხორციელდა, ლარის გაუფასურებით არ არის გამოწვეული. ეს შიდა ეკონომიკური პროცესის ბრალია. თუმცა, სამწუხაროდ, ალბათ ამას კიდევ უნდა ველოდოთ და ამისთვის მზად უნდა იყონ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი, რომ გაანეიტრალონ მისი უარყოფითი შედეგები.

თიკო ოსმანოვა

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”