ნოდარ ხადური: წლევანდელი ბიუჯეტი შესრულდება 100 პროცენტით და ცოტა მეტის იმედიც გვაქვს

ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდება.

ბიუჯეტის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, რომელმაც ფინანსთა მინისტრს შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა სთხოვა.

"საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით ჩვენ ვართ წინ - გეგმაზე დაახლოებით 70 მილიონით მეტი გვაქვს მობილიზებული და ვფიქრობთ, რომ წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით იქნება შესრულებული, როგორც შემოსავლების, ისე ზოგადად შემოსულობების თვალსაზრისით. გვქონდა გარკვეული ჩამორჩენა გრანტების და კრედიტების თვალსაზრისით, მაგრამ თანხები უკვე ჩამორიცხულია. დეკემბერში ასევე ჩამოირიცხება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან და აზიის განვითარების ბანკიდან მისაღები თანხებიც. ასე რომ, წლევანდელი ბიუჯეტი იქნება შესრულებული 100 პროცენტით და ცოტა მეტის იმედიც გვაქვს. საგადასახადო სამსახური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და არანაირი პრობლემა ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით არ იქნება. რაც შეეხება ათვისებას, ამ მიმართულებითაც უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წინა პერიოდებში იყო. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები - უწყება თვეში დაახლოებით 125-130 მილიონს ხარჯავს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.