ვინ იხეირა ”ლარის ციებ-ცხელებით” საქართველოში?!

”იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ეს სპეკულაციურ შეტევას ჰგავდა!”

გასულ კვირაში ქართულმა საზოგადოებამ ეროვნული ვალუტის გამო სერიოზული შოკი მიიღო: ლარის გაუფასურების პროცესი 21 ნოემბრიდან დაიწყო, დეკემბრის დასაწყისში კი, კურსმა ბოლო წლების ”რეკორდი” მოხსნა. შედეგად, დოლარის გასაყიდმა ფასმა 2 ლარს გადააჭარბა. უკვე არავინ აქცევდა ყურადღებას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსს და ყველა ცდილობდა დოლარი შეეძინა, რის გამოც ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში ვალუტას ვეღარც ნახავდით. ბოლო დღეებში სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, ლარიც გამყარების გზას დაადგა და დღეს 1 აშშ დოლარი უკვე 1,9265 ლარი ღირს. სპეციალისტების პროგნოზით, ლარი ძველ ნიშნულს ვეღარ დაუბრუნდება და 2015 წლის განმავლობაში 1,8-1,9 შუალედში იმერყევებს.

bpn.ge დაინტერესდა, ვინ იხეირა სავალუტო ”ციებ-ცხელებით”, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას სერიოზული უსიამოვნება მოუტანა და ამ შეკითხვით სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროს მკვლევარს - კახა გოგოლაშვილს მიმართა:

- ლარის კურსის ვარდნა უეცრად დაიწყო და პანიკური იყო, რადგან დოლარის ფასი ასე სწრაფად კარგა ხანია არ ავარდნილა. კურსის ვარდნა მოხდა ევროს და სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ, თუმცა, ყველაზე მეტად მაინც დოლარის დეფიციტი შეიმჩნეოდა. ამ პროცესს ინფლაციისა და ლარის გაუფასურების მოლოდინმაც ხელი შეუწყო. შეიძლება იმ დღეებში სავალუტო ჯიხურებმა დოლარი კიდეც გადამალეს იმიტომ, რომ უფრო მაღალ კურსს ელოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ეს სპეკულაციურ შეტევას ჰგავდა, მაგრამ ვისგან მოდიოდა, ან ვინ ისარგებლა ამ შეტევით? - ამის თქმა ცოტა ძნელია. ფაქტია, რომ მოიგო იმან, ვინც დოლარს ყიდულობს და ყიდის და საერთოდ, სავალუტო ოპერაციებს ეწევა. ალბათ, ბანკებიც მოიგებდნენ იმიტომ, რომ იმ დღეებში ძალაუნებურად ბევრი ოპერაცია განახორციელეს, თუმცა, აშკარაა, რომ ჩვენმა მოსახლეობამ წააგო, რადგან უამრავმა ადამიანმა დოლარი ძალიან მაღალი კურსით შეისყიდა. ყველაზე დიდი ალბათობით მოიგეს სავალუტო ჯიხურებმა და კომერციულმა ბანკებმა, თუმცა, დანამდვილებით ამასაც ვერ ვიტყვით, რადგან ამ საკითხსაც გამოკვლევა სჭირდება.

”ისევ ხალხმა წააგო”- ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი კრიალაშვილი:

- როდესაც ლარის კურსის ვარდნის გამო პანიკა დაიწყო, მოსახლეობაში კიდევ უფრო გაიზარდა მოთხოვნა დოლარზე და შესაბამისად, შემცირდა დოლარის რაოდენობა სავალუტო ბაზარზე. ამანაც იმოქმედა ლარის კურსზე. სხვათა შორის, იმ დღეებში სავალუტო ჯიხურებიც აგონიაში იყვნენ. მე თვითონ მქონდა შემთხვევა, როცა დოლარი სავალუტო ჯიხურებშიც არ ჰქონდათ და შესაბამისად, საქმიანობაც შეჩერებული ჰქონდათ. დღე-ღამის განმავლობაში ლარის კურსი იმდენჯერ იცვლებოდა, რომ თვითონაც არ იცოდნენ, რა კურსი დაეფიქსირებინათ. ეს ყველაფერი შექმნილი აჟიოტაჟის შედეგი იყო, ლარის კურსი გაცილებით ოპტიმალური იქნებოდა, პანიკა რომ არ შექმნილიყო. თუ დავაკვირდებით, ამჟამად კურსი ნელ-ნელა მყარდება, მართალია, ჩვენი ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს ვეღარ დაუბრუნდება, მაგრამ საბოლოო მაჩვენებელი წლის ბოლოს დაფიქსირდება და 1,8-დან 1,9-ს შორის იმერყევებს.

ქეთი კრიალაშვილის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, თანაც იმპორტზეა დამოკიდებული, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკა დოლარის კურსზეა მიბმული:

- ისიც უნდა ითქვას, რომ დოლარი მთელ მსოფლიოში მყარდება და ეს გამყარება აუცილებლად იმოქმედებდა ჩვენს სავალუტო კურსზე. მით უმეტეს, რომ ეროვნული ბანკიც გაჩუმებული იყო და მისი პრეზიდენტი განცხადებას კარგა ხანს არ აკეთებდა. მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული რას იზამდა მთავრობა, ან ეროვნული ბანკი. საბოლოო ჯამში წაგებული დარჩა ის, ვისაც სესხი აქვს აღებული დოლარში, წაგებული დარჩა ხალხი, რიგითი მომხმარებელი, ასევე - ადამიანები, რომლებიც ლარზე არიან დამოკიდებული და ხელფასს ლარში იღებენ - ამ შემთხვევაში ყველა წაგებულია იმიტომ, რომ ლარის გაუფასურებას ფასების ზრდა მოჰყვა. ლარის უეცარი გაუფასურებით ისარგებლა მხოლოდ მცირე ნაწილმა, ვისაც ამ პროცესის გამო მოგება დარჩა. ფაქტია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანას არ მოუგია - კურსი რომ არ მოწესრიგებულიყო, მერე უფრო გაუძნელდებოდათ მიშვებული კურსის უკან დაბრუნება, ამიტომ, ეროვნული ბანკი იძულებული გახდა ბაზარზე დოლარის რეზერვები გამოეშვა. შეიქმნა სიტუაცია, რომ რეზერვი, რომელიც დაგროვილი იყო, ნელ-ნელა გამოდის ბაზარზე იმისათვის, რომ ქვეყანაში დოლარის რაოდენობა გაიზარდოს, ამიტომ ამ პროცესში ეროვნული ბანკის მოგებაც საეჭვოა.

ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების გამო შექმნილი პანიკით არავის უსარგებლია და თუ ვინმემ მოგება ნახა, ეს მხოლოდ მოკლევადიან პერიოდს ეხება: ”ამ პროცესის გამო ყველამ წააგო -  წააგო საზოგადოებამ, რომელსაც ცხოვრება გაუძვირდა- ვისაც ადრე 175 ლარი ჰქონდა გადასახდელი, ახლა 190 და 192 ლარს იხდის. წააგო სახელმწიფომ, რომელმაც ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესებული აქვს, ნეგატიური ტენდენცია შეიმჩნევა როგორც საგადამხდელო ბალანსის, ასევე ბიუჯეტის შევსების მხრივაც. წააგო ბიზნესმა იმიტომ, რომ გაძვირებას მოხმარების კლება მოჰყვება და ის ნავარაუდევი მოგება, რომელიც ქართულ ბიზნესს ჰქონდა, აღარ ექნება. შეიძლება დავეთანხმოთ წმინდა პრაგამატულ მოსაზრებას, რომ ლარის კურსის ვარდნა იმპორტიორებისათვის არის მომგებიანი, მაგრამ ამასაც მხოლოდ ერთჯერადი, მოკლევადიანი ეფექტი აქვს. გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის გაუფასურება არ არის ბიზნესისთვის ხელშემწყობი ფაქტორი. თითქოს სავალუტო ჯიხურებმაც მოიგეს, მაგრამ მათ მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღეს ერთჯერადი სარგებელი, მაგრამ თუ ამ მოგებას საშუალოვადიან პერიოდზე გადავიყვანთ, ლარის კურსის ცვლილებას ყოველთვის მოსდევს გარკვეული პაუზა, რომელიც გაანეიტრალებს გადამეტებულ მოგებას, იმ დღეებში რომ ნახეს. იგივე ვრცელდება ბანკებზეც - მოგება, რაც იმ დღეებში დარჩათ, ნეიტრალურ პერიოდში დაბალანსდება. მოდით ასე ვთქვათ, ლარის კურსის დაცემით ვერავინ იხეირა და ვერც ვერავინ იხეირებს”.

ხათუნა ჩიგოგიძე