2015 წლისათვის საბიუჯეტო დაფინანსება თითქმის ყველა სამინისტროს ეზრდება

მომავალი წლისათვის საბიუჯეტო დაფინანსება, სხვადასხვა მოცულობით, თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანოს ეზრდება.

იზრდება სამინისტროების, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციების, პარლამენტის და მასში შემავალი ორგანიზაციების, სხვა საბიუჯეტო უწყებების ასიგნებები.

2015 წლისათვის ყველაზე სოლიდურ დაფინანსებას ბიუჯეტიდან კვლავ ჯანდაცვის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიიღებს. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო 2 მილიარდ 785 მილიონით დაფინანსდება (უწყების წლევანდელი დაფინანსება 2 მილიარდ 658 მილიონია). 875 მილიონიდან 1 მილიარდამდე იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობა.

ბიუჯეტის მოცულობით მესამე ადგილზეა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც მომავალ წელს 853 მილიონ 900 ათას ლარს მიიღებს (ის წელს 754 მილიონ 300 ათასი ლარით დაფინანსდა). 263 მილიონ 500 ათასი ლარიდან 292 მილიონ 900 ათას ლარამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება.

მომავალი წლისათვის საბიუჯეტო ასიგნებები ძალოვან უწყებებსაც ეზრდებათ: - წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 615 მილიონ 909 ათასი ლარი იყო და 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, 640 მილიონი ლარი ხდება. 600 მილიონიდან 638-მილიონ 700 ათას ლარამდე იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობა. 2014 წელს 8 მილიონით დაფინანსებული დაზვერვის სამსახური 2015 წლისათვის 14 მილიონ ლარს მიიღებს. 154-მილიონ 034 ათასი ლარიდან 155 მილიონ ლარამდე იზრდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაფინანსება. 2015 წლისთვის იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 68 მილიონ 500 ათასი ლარი (უწყებისთვის 2014 წელს 60 მილიონ 500 ათასი გამოიყო). სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, 53-მილიონ ლარს მიიღებს.

რაც შეეხება სხვა უწყებებს, 2015 წლისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საბიუჯეტო დაფინანსება 2 მილიონ 800-ათასი ლარიდან 3 მილიონ 100 ათას ლარამდე იზრდება, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის - 900 ათასიდან 1 მილიონ 200 ათას ლარამდე. უცვლელი რჩება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტი, რომლისთვისაც 2014 წლის ანალოგიურად, მომავალ წელს 1 მილიონ 350 ათასი ლარი გამოიყოფა.

2015 წელს ფინანსთა სამინისტრო 100 მილიონს მიიღებს, რომლის წლევანდელი დაფინანსებაც 96 მილიონი ლარია. 90 მილიონიდან 100 მილიონამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნება იზრდება. ენერგეტიკის სამინისტროსთვის 125 მილიონი ლარი განისაზღვრა (უწყება 2014 წელს 114 მილიონ 600 ათასით ფინანსდება), ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის კი, 70 მილიონი ლარი გამოიყოფა. 31 მილიონი ლარიდან 39 მილიონ ლარამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საბიუჯეტო რესურსი იზრდება, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, რომელიც მიმდინარე წელს 53 მილიონ 900 ათასი ლარით დაფინანსდა, 2015 წლისთვის 70 მილიონ ლარს მიიღებს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 95 მილიონ ლარამდე იზრდება. ერთადერთი სამინისტრო, რომელსაც საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, ასიგნება აკლდება, ეკონომიკის სამინისტროა - უწყებისთვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 131 მილიონ 091 ათასი ლარი, 2015 წელს კი, მხოლოდ 120 მილიონს მიიღებს.

იზრდება პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციების, პარლამენტისა და მასში შემავალი ორგანიზაციების ასიგნებებიც - მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარით დაფინანსდა, 2015 წლისათვის 32 მილიონ 500 ათას ლარს მიიღებს. 9 მილიონიდან 9 მილიონ 800 ათასამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება იზრდება, ხოლო პარლამენტის და მასში შემავალი ორგანიზაციებისთვის 60 მილიონ 531 ათასი გამოიყოფა (2014 წლის ბიუჯეტით 59 მილიონ 531 ათასი ლარია).

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია. გადასახდელები კი, 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა.

ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტი დღეს განიხილავს და დაამტკიცებს. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.