ნოდარ ხადური ევროსაბჭოს ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროსაბჭოს ექსპერტებს, იგორ ნებივაევსა და ჯუზეპე ლომბარდოს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებათა შემფასებელ ექსპერტთა ევროპის საბჭოს კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა და ამ მიმართულებით გათვალისწინებული ღონისძიებები, ასევე 2015 წლისათვის თანამშრომლობის საკითხები.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი ზედამხედველი ორგანოა და ხელმძღვანელობს უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც კოორდინაციას უწევს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას. აღნიშნული საბჭო აერთიანებს ყველა კომპეტენტური უწყების წარმომადგენელს და მისი ფუნქციაა, ქვეყანაში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების პროცესის კოორდინაცია. მინისტრმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისათვის, რასაც ევროპის საბჭო წლების მანძილზე ახორციელებს საქართველოში.

როგორც აღინიშნა, საქართველო აქტიურად განაგრძობს მუშაობას MONEYVAL-ის ანგარიშში ასახული მითითებების გათვალისწინების მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ განხორციელებულ საჭიროებათა ანალიზის შედეგად, ევროპის საბჭოს მიერ 2015 წლისათვის შემუშავებული იქნება პროექტი, რომელიც წარმატებულად განხორციელდება ორივე მხარის ძალისხმევის საფუძველზე.