რუსი თაღლითები ამერიკულ კაზინოებს ძარცვავდნენ

აშშ-ში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ოთხი რუსი თაღლითის წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკის სულ მცირე სამი შტატის კაზინოებში სათამაშო ავტომატებს ძარცვავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი ბრალდებული - მურატ ბლიევი, ივან გუდალოვი და იგორ ლავრონოვი რუსეთში ცხოვრობდნენ, მეოთხე ბრალდებული ევგენი ნაზაროვი კი ამერიკის მოქალაქეა და მაიმიში ცხოვრობს. გამოძიების თანახმად, რუსი თაღლითების მოქმედების სქემა შემდეგი იყო - ისინი მიდიოდნენ კაზინოში და მხოლოდ ამერიკული კორპორაცია Aristocrat Technology-ის წარმოებული სათამაშო ავტომატების ”მარკ VI”-ის წინ დგებოდნენ. არსებული ინფორმაციით, რუსი თაღლითების მაქინაციების მსხვერპლი აშშ-ის რამდენიმე შტატში მდებარე ათამდე კაზინო გახდა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, მიმდინარე წლის მაისიდან დეკემბრის დასაწყისის ჩათვლით, რუსი თაღლითები და მათი თანმხლები სხვა პირები აშშ-ში კომერციული რეისით ჩადიოდნენ და ადგილობრივ სასტუმროებში ჩერდებოდნენ. ყველა მათგანი მხოლოდ იმ კაზინოში მიდიოდა, სადაც ”მარკ VI”-ის ტიპის სათამაშო ავტომატები იყო. თაღლითები აიფონ 5-ის მოდელის მეშვეობით უკავშირდებოდნენ სერვერს, რომელიც აშშ-ის საზღვრებს გარეთ მდებარეობდა.

გამოძიების თანახმად, ყოველივე ამის საშუალებით რუსი თაღლითებით ახერხებდნენ გამოეცნოთ სათამაშო ავტომატის სვლები და იმაზე გაცილებით დიდი თანხის მოგებას, ვიდრე ეს რეალურად არის შესაძლებელი. პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთი მაგალითის მიხედვით, მაისში მურატ ბლიევმა სენ-ლუისში მდებარე კაზინოში 10 568 დოლარი მოიგო ტექნიკის გამოყენებით, ივნისის დასაწყისში კი კაზინო Lumiere Place-ში - 9 909 დოლარი.

აშშ-ში გასამართლებულ რუს თაღლითებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 250 ათასამდე აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.