საწვავის ფასი კიდევ შემცირდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში გრძელდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასების შემცირება.

მაგალითად, 16 დეკემბრის მდგომარეობით PLATT”S-ის მიხედვით საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე შემდეგი იყო: ბენზინი - 533,00 დოლარი/ტონაზე; დიზელი (L-62) - 532.00 დოლარი/ტონაზე.

როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე საქართველოს საცალო ქსელში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმეჯერ მოხდა საწვავის ფასის კლება და აგვისტოდან მოყოლებული საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასი საშუალოდ 25 თეთრით შემცირდა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასის მორიგი შემცირება უახლოეს დღეებში კვლავ განხორციელდება და ფასის კლების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თუ ამას ხელს შეუწყობს როგორც საერთაშორისო ფასები, ასევე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში.