ირაკლი აბესაძე: 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში დავით ნარმანიამ მნიშვნელოვანი მიმართულებების ასახვა ვერ შეძლო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძის განცხადებით, 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტში დავით ნარმანიამ მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებების ასახვა ვერ შეძლო.

როგორც ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან დღეს თბილისის საკრებულოში განაცხადა, 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტში დავით ნარმანიამ საკუთარი მთავრობის არაეფექტური მუშაობის გამო ვერ შეძლო აესახა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც იქნებოდა პენსიონერებისათვის 10-ლარიანი დანამატი, კერძოდ, 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე ვიდრე სახელმწიფო შეძლებდა მათთვის პენსიის ოდენობის გაზრდას. მისივე თქმით, ნარმანიას მთავრობამ ვერ შეძლო უფასო მგზავრობის უფლების მინიჭება სტუდენტებისათვის, პედაგოგებისათვის, სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისათვის.

ირაკლი აბესაძემ ასევე დაასახელა ბაღის ვაუჩერიზაციის საკითხი, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული არ არის. მისივე განცხადებით, მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან ბაღების ვაუჩერიზაციის შემთხვევაში, არც ერთი ბავშვი და ოჯახი არ დარჩებოდა საბავშვო ბაღის გარეშე. ირაკლი აბესაძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტებიდან თბილისის მერია მომავალ წელს მხოლოდ გაითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, რომელიც კავშირშია "პანორამა თბილისთან" და ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებას წარმოადგენს. მისივე განცხადებით, სხვა არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისის ბიუჯეტში ასახული არ არის.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით მიმდინარე საგზაო სარემონტო სამუშაოები 10 მილიონი ლარით არის შემცირებული. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანების დასაქმებას, იგი მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით, სასაცილო თანხებია გამოყოფილი. ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მთავრობა დეველოპერული მეწარმეობის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის მხოლოდ 500 000 ლარს გამოყოფს. იგი მიიჩნევს, რომ ეს არის დაცინვა, ვინაიდან შეუძლებელია ასეთი ბიუჯეტით დეველოპერული მეწარმეობის ხელშეწყობა. აბესაძემ დასძინა, რომ 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს მისი ფრაქცია ხვალ მხარს არ დაუჭერს.