პუტინის პრესკონფერენციის დროს რუბლი ისევ გაუფასურდა

მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებებისა, მოსკოვის ბირჟაზე რუბლი ისევ დაეცა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის განცხადებების შემდეგ, რომლის დროსაც მან იმედი გამოთქვა, რომ რუბლი შეინარჩუნებდა უწინდელ პოზიციებს და უცხოური ვალუტის კურსის ვარდნა გაგრძელდებოდა, რუსულმა რუბლმა ვარდნა განაგრძო.

"ვიმედოვნებ, რომ უცხოური ვალუტის კურსის გუშინდელი და დღევანდელი ვარდნა და რუბლის ღირებულების მატება გაგრძელდება", - განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, თუმცა მოსკოვის ბირჟაზე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ რუბლი კვლავ გაუფასურდა.

პუტინის პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, რომელიც სამსაათნახევარი გაგრძელდა, ერთი დოლარის ღირებულება დაახლოებით 3 რუბლით გაძვირდა და 63,8825 რუბლი შეადგინა და ბოლო ორი დღის მაჩვენებლის მაქსიმუმს გადააჭარბა. პარალელურად, დაახლოებით 3,5 რუბლით გაიზარდა ევროს კურსი და 78,685 რუბლი შეადგინა.

რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიური პრესკონფერენცია სწორედ ვალუტის საკითხზე საუბრით დაიწყო. "მთავარი საკითხი - ეკონომიკა, ვალუტაა. ვითარება პროვოცირებულია გარე ფაქტორებით, მაგრამ ბევრი რამ არ გაკეთდა ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის. ასევე გავლენას ახდენს გარეეკონომიკური ფაქტორი - ნავთობისა და გაზის ფასები. ვფიქრობ, რომ ცენტრალური ბანკი და მინისტრთა კაბინეტი ადეკვატურ ზომებს იღებენ", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას სავარაუდოდ, ორი წელი დასჭირდება.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას კრიზისს ვერ დაარქმევს. რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დროს ასევე განაცხადა, რომ 2014 წელს რუსეთის მშპ-ის 0,6-0,7 პროცენტით მატებას მოელის.