ალეკო ელისაშვილი: 800 მილიონიანი ბიუჯეტის პროექტიდან 90 მლნ-ის გათვალისწინება საკრებულოსა და მერიის შენახვისთვის, უმსგავსობაა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტს უწოდებს.

როგორც დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, იგი დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე მხარს არ დაუჭერს თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს. მისი თქმით, საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის შენიშვნები და შეთავაზებები არ გაითვალისწინა. "მეორედ დედაქალაქის მერიამ დაადასტურა, რომ ეს არის ჩინოვნიკების კეთილდღეობის ბიუჯეტი. კერძოდ, ალეკო მარგიშვილის კომფორტისა და კეთილდღეობის ბიუჯეტი და მისი მსგავსი პერსონაჟებისათვის და არა ქალაქისა და ხალხის ინტერესების გამომხატველი", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტიდან 90 მილიონი უნდა მოხმარდეს ჩინოვნიკებს, გროშები კი ავარიული სახლების გამაგრებას, თუნდაც ქუჩების შეკეთებას, ან ისტორიული ქალაქის განვითარებას. "800 მილიონიანი ბიუჯეტის პროექტიდან 90 მილიონის გათვალისწინება საკრებულოსა და მერიის შენახვისთვის, უმსგავსობაა და მე ამ უმსგავსობას მხარს არ დავუჭერ", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის საკრებულო დღეს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.