"ადამიანი, კანონი, თავისუფლებამ" "მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის" 2013-2015 წლების ხარჯების ანალიზი წარადგინა

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" "მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის" 2013-2015 წლების ხარჯების ანალიზი წარმოადგინა.

ამასთან დაკავშირებით დღეს "ადამიანი, კანონი, თავისუფლების" იურისტმა, ბექა გამდლიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. ორგანიზაციის ინფორმაციით, "ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" მიერ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაკეთდა განცხადება "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს" პროექტ "მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის" ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით.

მათი ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან" გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, პროექტის დაწყებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 323 630 ლარი დაიხარჯა. "ამ თანხით პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, 550 680 მოსწავლისათვის სახელმძღვანელოები დაიბეჭდა. ორგანიზაცია აღნიშნული პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე მისი განხორციელების მეორე ეტაპსაც დააკვირდა, სადაც გამოთხოვილ ოფიციალურ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩნდება გარკვეული კითხვები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ პროექტის ფინანსების ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის იურისტის, ბექა გამდლიშვილის განცხადებით, გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2014-2015 სასწავლო წლისათვის "მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის" განხორციელებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 9 000 000 ლარი. "სწორედ აღნიშნული ცხრა მილიონის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით ორგანიზაციამ არაერთი განცხადება გააკეთა, რასაც სამწუხაროდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჩვენი მოთხოვნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა დაესაბუთებინა, თუ რა კრიტერიუმებით ხდებოდა გამოყოფილი თანხის მიმართვა, რაც პროექტის დაწყებისას გამოყოფილი 16 323 630 ლარის თითქმის 55%-ს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე ვიგებთ, რომ გამოყოფილი 9 000 000 ლარის ნაცვლად პროგრამის განხორციელებისათვის დაიხარჯა 12 831 066 ლარი, ანუ ბიუჯეტში გათვალისწინებულ თანხაზე 3 831 066 ლარით მეტი", - აღნიშნა ბექა გამდლიშვილმა.

მისივე განმარტებით, ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ პროექტისთვის გამოყოფილი თანხა გაიხარჯა 3 989 510 ერთეული სახელმძღვანელოს შესაძენად. "გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად მხოლოდ და მხოლოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ დაგეგმილი იყო პირველკლასელთათვის ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვა, რომლისთვისაც, ჩვენი გაანგარიშებით, სავარაუდო გასაწევი ხარჯი 1 386 000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო დანარჩენი თანხა ანუ 11 445 000 ლარი ამორტიზებული წიგნების ახლით ჩანაცვლებას მოხმარდა, რისი არც იურიდიული და არც ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. თუ საკითხს სამართლებრივად მიუდგებით, დავინახავთ, რომ განათლების სამინისტროს 2013 წლის 5 აგვისტოს N103/ნ ბრძანება ითვალისწინებდა სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობას, რაც 15 ქულიანი შკალით ფასდებოდა და სახელმძღვანელოს დაზიანების შემთხვევაში წარმოიშობოდა ვალდებულება მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიმართ ახლით ჩაენაცვლებინა დაზიანებული სახელმძღვანელო. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა დაშვებული, როდესაც სახელმძღვანელოს დაზიანება ხდება, რაიმე ფორს-მაჟორის შედეგად, რაც საბედნიეროდ რეალურად საქართველოში არ დამდგარა", - აღნიშნა ბექა გამდლიშვილმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციის წევრებს აქვთ კითხვები, რატომ დაუჯდა განათლების სამინისტროს პროექტის მე-2 ეტაპი კოლოსალურად მაღალი თანხები, რაც, მათივე შეფასებით, არანაირ გათვლებს არ ემყარება. "ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის ბიუჯეტით განათლების სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 15 მლნ ლარი. ანუ პრაქტიკულად 2015 წელს პროგრამის განხორცილება იგივე უჯდება, რაც პირველ წელს დაუჯდა. ეს კიდევ უფრო აღრმავებს კორუფციის არსებობის ეჭვს, რომელიც შესაძლოა სამინისტროს მაღალჩინოსნებს უკავშირდებოდეს", - აღნიშნა ბექა გამდლიშვილმა.

ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს აღნიშნული პროგრამისთვის გახარჯული თანხების მიზნობრიობით და დაადგინოს მიზანშეწონილობა.