რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა?

წელს ყველაზე მეტად საცივის ”ინდექსი” გაიზარდა

ახალი წლის მოახლოება საახალწლო სამზადისის დაწყებას და შესაბამისად, საჭირო პროდუქტებისა თუ საახალწლო აქსესუარების შეძენას უკავშირდება. ყველა, ქართული ტრადიციების დამცველი თუ უბრალოდ, დღესასწაულების მოყვარული, ცდილობს სადღესასწაულო სუფრა განსაკუთრებული ენთუზიაზმით დაგეგმოს და ახალ წელს, შეძლებისდაგვარად, ბარაქიანი სუფრით შეხვდეს. Bpn.ge დაინტერესდა, რამდენი ლარის დახარჯვას გეგმავს მომხმარებელი საახალწლო სამზადისისთვის და როგორია ბაზარზე არსებული ფასები.

Bpn.ge-მ გამოკითხვა 15 დეკემბერს დაიწყო და ბოლო მონაცემებით, გამოკითხვაში სულ 185- მა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 40, 5 % საახალწლო სამზადისისთვის 500 ლარის და მეტის დახარჯვას გეგმავს, მაშინ როცა გამოკითხულთა 25, 4 % 300-დან 500 ლარამდე დახარჯავს. 16,8 % -ს 100 -დან 300 ლარამდე თანხა აქვს საახალწლო სამზადისისთვის გამოყოფილი, 17,3% კი 0-დან 100 ლარის ოდენობის თანხას დახარჯავს.

მიუხედავად იმისა, თუ რა თანხას დახარჯავს მომხმარებელი საახალწლო სამზადისისთვის, ბაზარზე არსებული პროდუქტისა და საახალწლო აქსესუარების ფასების შესახებ ინფორმაცია ყველას აინტერესებს. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა დაჯდება არსებული ფასებით საახაწლო სუფრა.

სადღესასწაულო განწყობის მახარობლის, საშობაო ნაძვის ხის ფასი ბაზრობებზე 4 ლარიდან იწყება და 450 ლარს აღწევს. ბაზრებს ყველაზე მეტად, ახალი წლის მოახლოება ნაძვის ხეების სიმრავლით ემჩნევა. გამყიდველთა თქმით, მყიდველიც აქტიურობს. რაც შეეხება პროდუქტებს, ყველაზე პოპულარული საახალწლო კერძის, საცივის მთავარი ”ინგრედიენტი”, ინდაური ჯერ ბაზარზე შემოტანილი არ არის, მაგრამ გამყიდველები პროგნოზირებენ, რომ მისი ფასი 50 ლარიდან დაიწყება. 1კგ. ნიგვზის ფასი 18 ლარიდან იწყება და 25 ლარს აღწევს. როგორც გამყიდვლები აღნიშნავენ, წელს კაკლის ძალიან მწირი მოსავალი იყო და ნიგვზის ფასმაც ამიტომ მოიმატა. შესაბამისად, წელს საახალწლოდ საცივის მომზადება საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება.

არსებული ფასებით 1 კილოგრამი ქათამი ბაზრებსა და ბაზრობებზე 4,50 ლარიდან იწყება. თევზი სახეობების მიხედვით 1 კილოგრამი 2-8 ლარი ღირს. იმერულ ყველს 1 კილოგრამს მომხმარებელი 7,50-8 ლარად შეიძენს. 1 კილოგრამი ღორის ხორცი 11 ლარი ღირს, საქონლის - 12 ლარი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბაზარზე მომუშავე გამყიდველების თქმით, ჯერ მომხმარებლის აქტიურობა არ იგრძნობა. ეს განსაკუთრებით, მალფუჭებად პროდუქტებს ეხება. მყიდველების აქტიურობის მთავარ ტალღას 25-26 დეკემბრიდან ელიან.

რაც შეეხება საახალწლო ტკბილეულს,  ხურმისა და კარალიოკის ჩირი, 1 კილოგრამი საშუალოდ 7ლარი ღირს, ერთი ცალი ჩურჩხელას ფასი კი 1,50 - 3 ლარის ფარგლებში მერყეობს. 1 კილოგრამი თაფლის ფასი, დაახლოებით, 16 ლარია.

საახალწლო სუფრის ”მეფე” - გოჭი, ინდაურის მსგავსად, ჯერჯერობით ბაზარზე გასაყიდად არ გამოუტანიათ, მაგრამ გამყიდველები ვარაუდობენ, რომ წელს გოჭის ფასი 100 ლარიდან დაიწყება.

თამარ კორკოტაშვილი

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: How much will the New Year feast cost us?