წლის მომგებიანი და წამგებიანი ინვესტიციები

ამერიკული სააგენტო Bloomberg-ის ვერსიით, 2014 წელს ყველაზე ცუდი ინვესტიცია რუსულ ვალუტაში ინვესტირება იყო.

ბაზარზე კი ინვესტორებს ყველაზე დიდი დანაკლისი ნედლ ნავთობში ინვესტირებამ მოუტანა. ვალუტებს შორის მიმდინარე წელს ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი ამერიკულ დოლარს ჰქონდა, ყველაზე მომგებიანი კი ყავაში ინვესტირება აღმოჩნდა. სააგენტოს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მსოფლიო ვალუტების კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა. ევროსთან მიმართებაში დოლარი 11%-ით გამყარდა, იენთან - 12%-ით. შედარებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს ინდურ რუპიას, რომელმაც დოლართან პოზიციები მხოლოდ 2,4%-ით დათმო. რაც შეეხება რუბლს, 2014 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში 45%-ით გაუფასურდა.

რაც შეეხება ნედლეულის ბაზარს, Bloomberg-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს ყველაზე ცუდი ნავთობში ინვესტირება იყო - წლის დასაწყისიდან ”ბრენტის” მარკის ნავთობი 45%-ით გაიაფდა. ნავთობისგან განსხვავებით, იანვრის შემდეგ ყავაზე ფასების ზრდამ 58% შეადგინა. ამერიკული სააგენტო ასეთ შედეგს ინვესტორების სიფრთხილით ხსნის, რომლებიც შიშობენ, რომ ბრაზილიაში ყავის მოსავალი შემცირდება.

ნავთობის გაიაფებამ ასევე ნეგატიური გავლენა იქონია Market Vectors Russia Small-Cap ETF-ის ფონდის შედეგებზე, რომელიც შედარებით მცირე რუსული კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტიციებით არის დაკავებული. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ”ბლუმბერგის” მონაცემებით, Market Vectors Russia Small-Cap ETF-ის აქციების ფასი 52%-ით დაეცა. რაც შეეხება ამერიკულ კომპანიებს, რომელთა კაპიტალიზაცია 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს, ყველაზე მეტად შემოსავლიანი მიკროპროცესორების მწარმოებელი Skyworks Solutions-ის აქციები აღმოჩნდა. კომპანიაში ინვესტირებული 10 ათასი დოლარი, წლის ბოლოსთვის 25 630 დოლარი გახდა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებში არსებულ კომპანიებს, საუკეთესო მაჩვენებელი ამ მხრივ მზის პანელების მწარმოებელ ჰონგკონგურ კომპანიას Thin Film Power Group-ს ჰქონდა. წლის დასაწყისიდან მოყოლებული კომპანიის აქციები 249%-ით გაძვირდა და მასში დაბანდებული 10 ათასი დოლარი 348 922 დოლარი გახდა. ამ მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებლი ჰქონდა ავსტრალიურ სამთო კომპანიას Arrium Limited-ს, რომლის აქციებიც 89%-ით გაიაფდა.