”დეკემბერში, ეროვნული ბანკის რეზერვები 145 მლნ დოლარით გაიზარდა”

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, ეროვნული ბანკის რეზერვები 145 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. "ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან, როგორც გასული წლის დეკემბერში, ასევე იანვარში მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა შემცირდა, დეკემბერში 145 მილიონი დოლარით გაიზარდა ეროვნული ბანკის რეზერვი იმის გამო, რომ ბიუჯეტმა მიიღო ეს თანხა დოლარებში", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

იგი ასევე გამოეხმაურა ექსპორტის შემცირებას 2 პროცენტით. ხადურმა ეს ახსნა იმ ფაქტით, რომ შემცირდა მათ შორის ავტომობილების ექსპორტი. "თავისთავად ცხადია, ექსპორტი დამოკიდებულია იმ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სადაც ეს ექსპორტი ხორციელდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.