თბილისში ავტობუსით მგზავრობა 40 თეთრი უნდა ღირდეს და მიკროავტობუსით - 65 თეთრი

რატომ არ იაფდება საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა ნავთობის საწვავის პარალელურად

მსოფლიო და ქართულ ბაზარზე საწვავის ფასის შემცირებას, წესით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, სულ მცირე, 15-20 პროცენტით უნდა გაეიაფებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს დედაქალაქში ავტობუსით მგზავრობა დაახლოებით 50-ის ნაცვლად 40 თეთრი უნდა ღირდეს, ხოლო მიკროავტობუსით, 80-ის ნაცვლად დახალოებით 60-65 თეთრი.

სპეციალისტების მტკიცებით, ტარიფის ამგვარი კლება შესაძლებელია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საწვავი თითქმის სამჯერ უფრო ნაკლებად გაიაფდა, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. "თბილისის მიკროავტობუსში" და დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურში კი ამბობენ, რომ მგზავრობის საფასურის შემცირება უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ბოლო 7 თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაახლოებით 55%-ით შემცირდა. გარდა ამისა, სპეციალისტთა პროგნოზით ეს ტენდენცია გაგრძელდება - მარტისთვის ბარელი ნავთობის ფასი 35 დოლარამდე ჩამოვა და ზაფხულისთვის კი - 20 დოლარამდე.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ასეთი კლების მიუხედავად, საქართველოში საწვავი მხოლოდ 15-20%-ით გაიაფდა, თუმცა საქალაქო ტრანსპორტის ფასების შემცირების საშუალება ამ ვითარებაშიც შესაძლებელია. თბილისში მიკროავტობუსებიცა და საქალაქო ავტობუსებიც დიზელის საწვავზე მუშაობენ. ავტობუსები თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის განკარგულებაშია, ხოლო მიკროავტობუსები - კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის".

მერიის სატრანსპორტო სამსახურში ამბობენ, რომ ავტობუსით მგზავრობის საფასური ვერ დაიკლებს, ვინაიდან ნავთობის გაიაფება, შესაძლოა, დროებითი მოვლენა იყოს და ხვალ მისი ფასი ისევ გაიზარდოს. "საწვავის ფასის დავარდნა ავტობუსით მგზავრობის ფასზე არანაირად არ იმოქმედებს, რადგან კომპანია მოგებაზე არ მუშაობს. ბენზინის ფასის მცირედით შემცირება ჩვენზე არანაირად არ იმოქმედებს და მგზავრობა არ გაიაფდება. თანაც, საწვავის ფასის ვარდნა სტაბილური არ არის. შეიძლება დღეს დავარდეს და ხვალ მოიმატოს. ამიტომ, მგზავრობის ფასი იგივე შენარჩუნდება", - გვითხრეს სატრანსპორტო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

იგივე მოვისმინეთ შპს "თბილისის მიკროავტობუსშიც", - სადაც პრესსამსახურის უფროსმა განგვიცხადა, რომ ტარიფის შემცირება არც მათთან იგეგმება. საკრებულოს უმცირესობის წევრი, "გაერთიანებული დემოკრატების"  წარმომადგენელი, საავტომობილო ექსპერტი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ საქართველოში საწვავის შემოტანის თემა ზუსტად ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც ეს "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო. მისი თქმით, ბაზარზე არც ერთი ახალი მოთამაშე არ გაჩენილა და ეს საზოგადოებას კარტელური გარიგებების არსებობაში არწმუნებს.

სწორედ ამის შედეგია, ოგბაიძის აზრით, ის ფაქტიც, რომ ერთნაირი ფასები აქვს საწვავს, რომელიც ზოგ კომპანიას ძალიან ახლოდან - ბაქოდან შემოაქვს და ზოგს კი "ცხრა მთას იქიდან". ამიტომაც ამბობს, რომ საქართველოში საწვავის ფასი მყისიერად რეაგირებს მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი მატულობს. მაგრამ როდესაც ფასი მცირდება, ჩვენთან ეს თითქმის არ ხდება.

"ამას საწვავის იმპორტიორებთან დაახლოებული ექსპერტები და არასამთავრობოები ძალიან საინტერესო ახსნას უძებნიან - გვისაბუთებენ, ასე რომ ხდება, კარგი ფაქტია, რომ მსოფლიოში ბარელი საწვავის ფასი 55%-ით შემცირდა, ჩვენთან კი მხოლოდ 15-20%-ით. ანუ, მსოფლიო ფასებს თითქმის სამჯერ ჩამორჩება. ფასები მიკროავტობუსების მაგალითზე რომ განვიხილოთ, არსებობს 3 მხარე - მიკროავტობუსის მძღოლები, მგზავრები და მიკროავტობუსების მფლობელი კომპანია. მძღოლები კომპანიის მიერ კონტრაქტით არიან დაქირავებული. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ის მიზეზი, რის გამოც ტარიფი არ იაფდება, რის გამოც მძღოლებს ფეხზე მდგარი მგზავრებით სალონის გადაჭედვა უხდებათ, არ რთავენ კონდიციონერებს და ა.შ.",- ამბობს ოგბაიძე და აქვე ამ ყველაფრის მიზეზებსაც განმარტავს.

მისი თქმით, საქმე ისაა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ამ კომპანიამ მძღოლებს ხელშეკრულება კაბალური პირობებით გაუფორმა. ყოველდღიურად კომპანიაში იმდენად დიდი თანხის შეტანა უწევთ, რომ მათთვის მგზავრობის საფასურის გაიაფებაზე საუბარი ზედმეტია. ამიტომაც მძღოლებს ტრეფიკინგის მსხვერპლებს უწოდებს და ამბობს, რომ მათი ტენდერის პირობების გადასინჯვა თბილისის მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის გამოწვევაა. "თუ მძღოლს გადასახადი არ შეუმცირდა, მგზავრობის ღირებულების შემცირებაზე საუბარი ზედმეტია. კომპანიის კეთილი ნების კი არ მჯერა. ის მოგებაზეა ორიენტირებული, მათი საქმე ფულის შოვნაა და გამორიცხულია, მან საკუთარი ნებით არ იშოვნოს ფული. ამიტომ, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში მგზავრობის ღირებულების გაიაფებას არ ველოდები",- აღნიშნავს საკრებულოს დეპუტატი.

ეკონომიკის ექსპერტი ზვიად კანდელაკი ამბობს, რომ მართალია, ქართულ ბაზარზე დიზელის საწვავი 15-20 პროცენტით შემცირდა, მაგრამ ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიც "თბილისის მიკროავტობუსია", საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიებისგან ექსკლუზიური შესყიდვის უფლება აუცილებლად ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის საწვავი დაახლოებით 25-30%-ით გაიაფდებოდა. იგი სასაცილოს უწოდებს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ არ იციან, რა მოხდება ხვალ და ზეგ და ამბობს, რომ სპეციალისტების გათვლები რომც არ არსებობდეს, კომპანიის მომსახურების ფასი მაინც დაბალი უნდა იყოს, ვინაიდან მათ მიერ შესასყიდი საწვავის ფასი დაბალია.

მისივე თქმით, უცხოეთში ყველაფრის ფასმა დაიკლო, რაშიც ნავთობი ფიგურირებს. ამბობს, რომ ნავთობი და ნავთობპროდუქტები დღეს პირველადი მოხმარების პროდუქტია და მისი გაიაფება მომსახურებისა და წარმოების გაიაფებას მომენტალურად იწვევს.

"ტარიფს პირველ რიგში საწვავის ფასი ადგენს. მართალია, იქ სხვა ხარჯებიც შედის, მაგრამ ყოველდღიურ ასპექტში მგზავრობის ფასის უდიდესი კომპონენტი საწვავია. ეს იგივეა, მეპურემ რომ თქვას, პურის ფასში მთავარი კომპონენტი ფქვილი არააო. შესაბამისად, მგზავრობა აუცილებლად უნდა გაიაფებულიყო. ეს ელემენტარულია - როცა კონკრეტული პროდუქციის საბითუმო ღირებულება მცირდება, ე.ი. საცალო ღირებულებაც მცირდება. საბითუმო ღირებულება ამ შემთხვევაში "თბილისის მიკროავტობუსისთვის" მის მიერ შესყიდული საწვავის ფასია, ხოლო საცალო ღირებულება ისაა, რასაც ის თითოეულ მოქალაქეს მგზავრობისას ართმევს. საქართველოში მგზავრი მაქსიმალურ ფასს იხდის, ვინაიდან არ არსებობს სააბონემენტო სისტემა, რაც, მაგალითად, უცხოეთში მოქმედებს. ანუ, იქ მოქალაქეები იძენენ წლიურ აბონემენტს, რისი მეშვეობითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგაზვრობა ძალიან იაფი უჯდებათ. საქართველოში კი მგზავრი მაქსიმალურ ფასს იხდის. ახლა, როცა საწვავი ასე გაიაფდა, მგზავრობის საფასური დაახლოებით იმ პროპორციით უნდა შემცირდეს, რა პროპორციითაც საწვავის ფასი მცირდება. ანუ, თუ საწვავის ფასი კომპანიას 30-40%-ით შეუმცირდა, მგზავრობის საფასური 25-30%-ით მაინც უნდა გაიაფებულიყო",- ამბობს კანდელაკი.

თაკო მათეშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"