ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ტრენინგი იმართება

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ტრენინგი - "სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა" მიმდინარეობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის, ყველა დონის ბიუჯეტების ოპერაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსური მენეჯერების გადამზადება გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბრიდან მათ ტრენინგებს თემაზე: "სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა", სახელმწიფო ხაზინისა და საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის სპეციალისტები უტარებენ. სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის მიხედვით, 2015 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ანგარიშები გაიხსნა ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში და მათი მართვა ხორციელდება სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიანი სისტემის მეშვეობით.