ონლაინ შესყიდვებთან დაკავშირებით საბაჟო კანონში ცვლილებები შედის

"ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ დადგინდება დეკლარირების ერთიანი ფორმა"

ონლაინ შესყიდვებთან დაკავშირებით საქართველოს საბაჟო კანონში ცვლილებები შედის. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის აპარატის უფროსის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ცვლილებები ერთიანი დეკლარირებული ფორმის შემოღებას ითვალისწინებს: ”საფოსტო გზავნილის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დეკლარაციის შემოღებით დგინდება ერთიანი დეკლარირების ფორმა იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც შესაბამისი საფოსტო გადამზიდველების მეშვეობით ახორციელებენ ე.წ. ონლაინ შესყიდვებს. დღემდე ზემოაღნიშნული გადამზიდველები საიტებზე სთავაზობდნენ საკუთარი ინტერპრეტირებით შედგენილ ე.წ. დეკლარირების ფორმებს. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ დადგინდება დეკლარირების ერთიანი ფორმა. თავის მხრივ, დეკლარაციაში შესაბამისი მონაცემების შეტანა მომხმარებლის მიერ დღემდეც სავალდებულო მოქმედებას წარმოადგენს”, - აღნიშნავს ხატია მოისწრაფიშვილი.

მისივე თქმით, მოცემული ცვლილებებით საფოსტო გადამზიდველების და მომხმარებლების საბაჟო გაფორმებისათვის არსებული პროცედურები იხვეწება. მოცემული ცვლილებების პროექტის შემუშავების პროცესში საბაჟო ორგანო საფოსტო გადამზიდველებთან ინტენსიურ კონსულტაციას გადიოდა და საფოსტო გზავნილის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დეკლარაცია მაქსიმალურად იმ მონაცემებზე დაყრდნობით არის შემუშავებული, რასაც საფოსტო გადამზიდველი დეკლარირების სახით სთავაზობდა მომხმარებელს საკუთარ საიტზე.

ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, შეიქმნა ერთიანი ელექტრონული ინტერფეისი, რომლის საშუალებითაც თითოეულ საფოსტო გადამზიდველს შეუძლია განახორციელოს ყველა ის დელეგირებული პროცედურა, რაც დაკავშირებულია გზავნილების საბაჟოზე გაფორმებასთან (ნუსხების ატვირთვა ე.წ. დარიდერება). მოცემული დანერგილი სიახლით საფოსტო გადამზიდველების მხრიდან საბაჟო პროცედურები გაცილებით სწრაფად და ოპერატიულად განხორციელდება. რაც შეეხება დეკლარაციაში არასწორი ან შეუსაბამო მონაცემების შეტანას, საბაჟო ურთიერთობების მოცემულ სფეროში სანქცირების ზოგადი წესი გავრცელდება.

”ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფოსტო პროცედურებში მომხმარებლისთვის წინამდებარე ცვლილებებით მხოლოდ დადგინდა ერთიანი ფორმა დეკლარირების იმ მონაცემების შეტანით, რასაც აქამდე ახორციელებდა საიტზე დეკლარანტი”, - დასძენს ხატია მოისწრაფიშვილი. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები მომხმარებელს დისკომფორტს არ შეუქმნის ”მომხმარებლებს არანაირი დისკომფორტი არ ექმნებათ, მათ უბრალოდ, უნდა გააკეთონ ის, რაც აქამდეც ევალებოდათ - შეიტანონ ზუსტი ინფორმაცია საქონლის შესახებ”,- აღნიშნავს ხატია მოისწრაფიშვილი.

თამარ კორკოტაშვილი