გიორგი ქადაგიძე: ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, ლარის კურსის გაუფასურება საყოველთაო ფასების ზრდაში არ გადაიზარდოს

ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, ლარის კურსის გაუფასურება დოლართან მიმართებაში საყოველთაო ფასების ზრდაში არ გადაიზარდოს.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც გუშინ, ლარის კურსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას დაესწრო. "დეტალებში ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რაც რეგიონში და საქართველოშია და იმ გარე ფაქტორებზე, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი შემოდინებების მთავარ წყაროებზე. როგორიც არის ექსპორტი, გზავნილები და ასე შემდეგ. ასევე, რა თქმა უნდა, მათ გავლენაზე, მათ შორის გაცვლით კურსზე. დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, ლარის კურსის გაუფასურება დოლართან მიმართებაში არ გადაიზარდოს საყოველთაო ფასების ზრდაში. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია და შესაძლოა რიგ საქონელზე ასევე ფასი იყოს გაზრდილი. ჯამურად ფასების საერთო დონის ზრდა დღესდღეობით სახეზე არ გვაქვს, ვინაიდან ამაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ნავთობის გაიაფება და სხვა სასაქონლო ჯგუფებზე საერთაშორისო ფასების დონის შემცირება", - აღნიშნა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, კლების მიმართულებით, მოქმედებს ის ფაქტორიც, რომ საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ლარი გაუფასურებული არ არის, უფრო მეტ შემთხვევაში მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ლარი გამყარებულია. "იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ის ინფლაციური მოლოდინი, რომელიც დღეს საზოგადოებაშია გადაიზარდა ან არსებობს საფრთხე გადაიზარდოს ფასების მნიშვნელოვან ზრდაში, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამის პოლიტიკას გავატარებთ და ამ მიმართულებით ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ამ შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქნება, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება 11 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დროს.